თამარაშვილის ქუჩასა და მდინარე ვერეს შორის, გაერთიანება „სამთო ქიმიასა“ და „საქჰიდროენერგომშენის“ მშენებარე სახლის მიმდებარედ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან, აღნიშნული პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებაზე თანხმობა 2023 წლის ნოემბერში გაიცა.
პროექტის დამკვეთს შპს „იქსორი თამარაშვილზე“ წარმოადგენს, რომელსაც დაგეგმილი აქვს, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, რომელშიც გათვალისწინებულია შემდეგი ფუნქციური სახეობების განვითარება: საცხოვრებელი; სასტუმრო; კომერციული; საზოგადოებრივი თავშეყრის; გასართობი; სპორტულ-გამაჯანსაღებელი და აღნიშნული სახეობებისთვის საჭირო დამხმარე ფუნქციების განვითარება.
გეგმის თანახმად, საპროექტო ტერიტორიის ფართობია 10 841 კვ.მ; საიდანაც 1 100 კვ.მ უკავია საჯარო სარგებლობის კეთილმოწყობილ რეკრეაციულ სივრცეს და მხოლოდ 8 600 კვ.მ-ზე ხდება დაგეგმილი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა.
დოკუმენტის თანახმად, სამი კოშკისგან შემდგარ მრავალფუნქციურ კომპლექსში, საცხოვრებელი სექტორის ჯამური ფართობი თავმოყრილია (A და B კოშკებში) და შეადგენს საპროექტო მოცულობის 85%-ს. პირველადი მონაცემებით, საპროექტო მოცულობების სიმაღლეები მერყეობს 80 მეტრიდან -190 მეტრამდე.
რაც შეეხება დამკვეთ კომპანიას, რეესტრის მონაცემებით, „იქსორი თამარაშვილზე“ 80%-იან წილს შპს „იქსორი“, ხოლო 20%-ს გიორგი ტაბატაძე ფლობენ. თავის მხრივ, „იქსორის“ 40%-იანი წილი ვალერიან კირკიტაძეს, 30-30%-იანი წილები კი ალექსანდრე წულუკიძისა და ლევან ტურძილაძის საკუთრებაშია. ამასთან, ორივე კომპანიის დირექტორად რეესტრში ვალერიან კირკიტაძეა რეგისტრირებული.
აღსანიშნავია, რომ „იქსორის“ სამივე მფლობელი მმართველი პარტიის „ქართული ოცნებისა“ და პრეზიდენტობის მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემომწირველია. კერძოდ, ლევან ტურძილაძის მხრიდან 2020 წელს „ოცნების“ სასარგებლოდ 30 ათასი ლარის შემოწირულობა ფიქსირდება, ალექსანდრე წულუკიძემ 2020 წელს „ქართულ ოცნებას“ 50 ათასი, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს 22 ათასი ლარი შესწირა, ვალერიან კირკიტაძის მხრიდან კი 2018 წელს სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ 24 ათასი ლარის შემოწირულობა ფიქსირდება.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ ვალერიან კირკიტაძე (მთაწმინდის რაიონის გამგეობის თანამშრომელთან ერთად) 2014 წელს ქრთამის მიცემის სავარაუდო საქმეზე იყო დაკავებული. მაშინ ის სამშენებლო კომპანია „ბულაჩაურის“ დირექტორი იყო და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მაშინ მთაწმინდის რაიონის გამგეობის თანამშრომელმა კირკიტაძისგან მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, კერძოდ, კ2 კოეფიციენტის უკანონო გაზრდისთვის, ქრთამის სახით 2 500 აშშ დოლარი აიღო.