„საქართველოს რკინიგზა“ 184 მილიონი ლარის ელმავლებს რუსული Уральские локомотивы-სგან ყიდულობს. როგორც სატენდერო წინადადებიდან ირკვევა, რკინიგზას ელმავლებს შპს „გეორგია“ გადასცემს. ამ დროისთვის კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების პროცედურა მიმდინარეობს.
ცნობისათვის, „საქართველოს რკინიგზამ“ ელმავლების შესყიდვაზე ტენდერი 2023 წლის ნოემბერში გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 3 დეკემბერს დაიწყო და 5 დეკემბერს დასრულდა. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 183 849 690 ლარი იყო, პრეტენდენტის - შპს „გეორგიას“ შეთავაზებული თანხაც ზუსტად 183 849 690 ლარია.
სატენდერო წინადადებიდან ირკვევა, რომ შპს „გეორგიას“ ელმავლებს რუსული კომპანია Уральские локомотивы გადასცემს.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, „გეორგია“ 2010 წელს დაფუძნდა. ამ დროისთვის კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი არის გელა ძიძიკაშვილი, დირექტორი კი ირაკლი ჩხეტია.
რაც შეეხება Уральские локомотивы-ს, ის რუსული Sinara Group-ის ნაწილია. კერძოდ, Sinara Group-ისა (50%) და კონცერნ Siemens AG-ის (50%) ამ ერთობლივმა საწარმომ ფუნქციონირება 2010 წლის 1 ივლისს დაიწყო. თავად Sinara Group რუსული დივერსიფიცირებული ჰოლდინგია, რომლის პრიორიტეტული ბიზნესსფეროები - ტრანსპორტის ინჟინერია, ფინანსური მომსახურება და დეველოპმენტია.
ჯგუფი საერთაშორისო სანქციების სიაში არ იძებნება და მხოლოდ მასში შემავალი ბანკი, Sinara მოხვდა უკრაინის მთავრობის სასანქციე პორტალზე „ომი და სანქციები“. ბანკი ჯერ სანქცირებული არ არის და მხოლოდ „შავ სიაში“ მოსახვედრ კანდიდატთა შორისაა.
თუმცა სანქცირებულია Sinara Group-ის ყოფილი პრეზიდენტი, ურალელი მილიარდერი, დიმიტრი პუმპიანსკი. ის 2022 წელს ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, კანადის, იაპონიის და ახალი ზელანდიის სანქციების ქვეშ მოექცა. შეზღუდვების გამო ის Sinara Group-ის, ასევე, ბანკ Sinara-ს ბენეფიციართა სიიდან და დირექტორთა საბჭოდან შვილთან, ალექსანდრ პუმპიანსკისთან ერთად გავიდა და ჯგუფის პრეზიდენტობიდანაც გადადგა.
პირველად დიმიტრი პუმპიანსკი და მისი ოჯახის წევრები ევროკავშირის სანქციების სიაში 2022 წლის მარტში მოხვდნენ. ევროკომისიის ვებგვერდზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ პუმპიანსკის კომპანია რუსეთის ხელისუფლებასთან და სახელმწიფო საწარმოებთან თანამშრომლობს, ხოლო თავად დიმიტრი პუმპიანსკი, სხვა ბიზნესმენებთან ერთად, 2022 წლის 24 თებერვალს პუტინთან შეხვედრას ესწრებოდა. ამის შემდეგ მილიარდერის ოჯახისთვის ევროკავშირში შესვლა აიკრძალა, ხოლო მათი აქტივები გაიყინა.
ამასთან, სანქციების შედეგად გიბრალტარში პუმპიანსკის იახტა დააკავეს და 2022 წლის სექტემბერში ის აუქციონზე 37,5 მლნ დოლარად გაყიდეს.
ახალხან, 29 ნოემბერს ევროპულმა სასამართლომ ევროკავშირის სანქციების სიიდან მხოლოდ პუმპიანსკის ვაჟი, Sinara Group-ის დირექტორთა საბჭოს ყოფილი წევრი, ალექსანდრე ამოიღო, ხოლო მამამისის სარჩელი, რითიც დიმიტრი პუმპიასკიმ მის წინააღმდეგ დაწესებული ევროკავშირის სანქციები გაასაჩივრა, საერთო იურისდიქციის ევროპულმა სასამართლომ ოქტომბერში უარყო. სასამართლომ, ასევე, უარი თქვა მისი მეუღლის, გალინას მიმართ შემაკავებელი ზომების მოხსნაზე.