მინდა, თქვენთან ერთად, კიდევ ერთხელ გავიმეორო ის მიღწევები, რომელსაც ჩვენ ბოლო 11 წლიანი მმართველობის შედეგად მივაღწიეთ. მე რამდენიმე კონკრეტულ რეიტინგს მინდა შევეხო და საზოგადოებას და თქვენ ყველას ერთად შეგახსენოთ, თუ რა კონკრეტული შედეგი მოიტანა ჩვენი მმართველი პარტიის მმართველობამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, 180 ქვეყანას შორის, დღეს საქართველო დემოკრატიზაციის 10 წლიანი პროგრესით, მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია.
„დავიწყებ იმით, რომ ბუნებრივია, როგორც უკვე აღვნიშნე დასაწყისში, დემოკრატიზაციის გზაზე ჩვენ ძალიან ძლიერი, ძალიან სწრაფი პროგრესი გვქონდა და შემთხვევითი არაა, კიდევ ვიმეორებ, რომ 180 ქვეყანას შორის, დღეს საქართველო დემოკრატიზაციის 10 წლიანი პროგრესით, მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია, ასევე კანონის უზენაესობის ინდექსში, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა. მე მინდა ვახსენო ინდექსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის და ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებისთვის, როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ, ინდექსით ისეთი, როგორიც არის კორუფციისგან თავისუფლება, საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის“ თანახმად, რომელიც მსოფლიო ბანკმა „გლობალური მმართველობის ინდიკატორების“ პროექტის ფარგლებში გამოაქვეყნა, საქართველო დღეს უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ მრავალ სახელმწიფოს. კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-20, ევროპაში მე-11 ადგილზეა.
ამავე, ანგარიშის თანახმად, მეგობრებო, კანონის უზენაესობის რეიტინგში ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში 29-ე, ევროპაში მე-14 ადგილზე გავიდა. რეგულაციების ხარისხით საქართველო ეკონომიკებს შორის მე-7, ხოლო სახელმწიფოებს შორის მე-9 ადგილზეა.
ასევე, გლობალური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის „Transparency International“ მიერ გასულ წელს გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსში“, მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის საქართველო 41-ე ადგილზეა. ესეც არის ისტორიული გაუმჯობესება, ისტორიული მაქსიმუმი.
რაც შეეხება გამჭვირვალობის ინდექსს და კონკრეტული ინდექსი არის ომიანობის ჟამს, ჩვენ წლევანდელი შედეგის მიხედვით, კვლევის მიხედვით, მე-17 ადგილს ვიკავებთ და ვუსწრებთ ევროკავშირის 15 სახელმწიფოს.
ასევე მინდა შევეხო „Fraser Institute“-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, „მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს“, სადაც საქართველო 25-ე ადგილს იკავებს.
მე მინდა ასევე შეგახსენოთ, რომ „Freedom House“ მიერ გამოქვეყნებული „ინტერნეტის თავისუფლების ინდექსის“ თანახმად, საქართველოს „თავისუფალი ქვეყნების“ სიაში მსოფლიოს 70 ქვეყანას შორის მე-9 ადგილზეა.
ასევე მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოს მოწინავე შვეიცარიულმა ანალიტიკურმა ცენტრმა – Global Risk Profile-მა – „გლობალური კორუფციის ინდექსი 2023“ გამოაქვეყნა, სადაც საქართველო 2 ადგილით დაწინაურდა და მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის, 43-ე ადგილზე დასახელდა”, - განაცხადა პრემიერმა.