უმაღლესი განათლების სექტორი საქართველოში მოიცავს სულ 63 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც შედგება უნივერსიტეტების, სასწავლო უნივერსიტეტებისა და კოლეჯებისაგან. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ინფორმაციით, თბილისი ბაზარზე დომინანტურ პოზიციას იკავებს და ქვეყნის ყველა უმაღლესი სასწავლებლების 70% სწორედ დედაქალაქში მდებარეობს.
ამავე მონაცემების მიხედვით, საქართველოში საჯარო საუნივერსიტეტო პროგრამები, როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის დონეზე, ინარჩუნებს სტაბილურ ღირებულებას, დაახლოებით 2250 ლარის ოდენობით, რაც ასახავს სრულ სახელმწიფო გრანტს. მეორე მხრივ კი, კერძო უნივერსიტეტებში სწავლის საფასური მზარდია. საბაკალავრო პროგრამის საშუალო ღირებულება 13%-ით გაიზარდა და 4482 ლარი შეადგინა, ხოლო სამაგისტრო პროგრამის საფასური წინა სასწავლო წელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა და 4368 ლარი შეადგინა.
„საქართველოს უმაღლესი განათლების ბაზარმა 2022 წელს გადააჭარბა 950 მილიონ ლარს, პროგნოზირებული წლიური ზრდის ტემპით 9-10%. კერძო უნივერსიტეტებმა 2022 წლის დეკემბრისთვის 380 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც ნაწილობრივ საგანმანათლებლო პროგრამების ფასების ზრდას უკავშირდება. მთლიანობაში, კერძო და საჯარო უმაღლეს სასწავლებლებს შორის ბაზრის სტრუქტურა, შედარებით უცვლელი რჩება“,- აღნიშნულია კვლევაში.