2024 წელი, რომელიც ახლახან დადგა, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, მწვანე ხის დრაკონის წელია. დეკემბრის ბოლო დღეებში ინტერნეტი სავსე იყო ასტროლოგების რეკომენდაციებით „სწორი“ ჩაცმულობისა და სადღესასწაულო მენიუს შესახებ. ამ უკანასკნელის მთავარი ინგრედიენტი კი იყო ეგზოტიკური ხილი პიტაია, რომელსაც ასევე „დრაკონის ხილს“ უწოდებენ. საქართველოში 1 კილოგრამი პიტაიას ფასი 15-25 ლარის ფარგლებში მერყეობს.
„დრაკონის ხილი“ საკმაოდ დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ ევროპის ბაზარზე ის მხოლოდ 15 წლის წინ გამოჩნდა. ნაყოფის რბილობი, ჯიშის მიხედვით, თეთრი ან წითელია. წითელკანიან ჯიშებში თესლი პატარაა, ხოლო ყვითელკანიან ჯიშებში უფრო დიდი და ჟელესმაგვარ კაფსულებში ჩასმული. გემო დამოკიდებულია ხილის სიმწიფის ხარისხზე და მყიდველის იღბალზე - შესაძლოა, მას არაფრის გემო არ ჰქონდეს ან შესაძლოა, საკმაოდ ტკბილიც იყოს.
ბოტანიკურად, დრაკონის ნაყოფი არის პიტაიას ნაყოფი - რამდენიმე სახეობის კაქტუსები Selenicereus-ის გვარიდან.
ხილს აქვს მაღალი კვებითი ღირებულება - 100 გრ ახალი პიტაია შეიცავს 40-დან 57 კკალ-მდე (დამოკიდებულია ჯიშზე), 10 გრამზე ნაკლებ შაქარს, 3 გრამზე ცოტა დიეტურ ბოჭკოს, ძალიან ცოტა ცხიმს და ცილას, მაგრამ 7 მკგ ფოლიუმის მჟავას. კალიუმის ყოველდღიური დოზის 2%-ს, მაგნიუმსა და ფოსფორს, B ჯგუფის ვიტამინებს, ასევე დაახლოებით 84 გრ წყალს.
მიჩნეულია, რომ პიტაიას ხილს აქვს სასარგებლო გავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას, ეხმარება სხეულის წონის კონტროლს და აუმჯობესებს კანის ჯანმრთელობას.
მწარმოებელ ქვეყნებში მას მიირთმევენ არა მხოლოდ ახალ, არამედ გამხმარი სახით, ასევე ჩაის და მცენარის ყვავილების ნაყენს.
პიტაიას სამშობლოა ცენტრალური ამერიკა, მაგრამ ფართოდ არის გაშენებული არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ, ავსტრალიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და სამხრეთ აფრიკაში. ბოლო წლებში „დრაკონის ხილზე“ მოთხოვნა იზრდება ინდონეზიაში, სინგაპურში, ტაილანდსა და ფილიპინებში. ამ ხილის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების გამო, მის მიმართ ინტერესი იზრდება იაპონიასა და ჩინეთში.
პიტაიას ხილის ყველაზე დიდი მწარმოებელი მსოფლიოში ვიეტნამია. ამრიგად, ბინ ტუანის პროვინციაში, „დრაკონის ხილი“ ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია რეგიონულ ეკონომიკაში. ეს კი ნიშნავს, რომ ადგილობრივი ოჯახების კეთილდღეობა დამოკიდებულია ამ ეგზოტიკური ხილის ფასების მატება-ვარდნაზე. თუმცა შემოსავალი მოდის არა მხოლოდ პიტაიას მოშენებიდან, არამედ ტურიზმის განვითარებიდანაც. პიტაიას პლანტაციები თითქმის მთელი წლის განმავლობაში ყვავის და წარმოადგენს უნიკალურ სანახაობას, რომელიც ტურისტებს იზიდავს.
პიტაია მრავლდება ვეგეტატიურად. მას ჭრიან ჯანსაღი ყლორტებიდან, აშრობენ ჩრდილში ორ კვირამდე და შემდეგ ან დაუყოვნებლივ რგავენ მიწაში, ან წინასწარ აფესვიანებენ.
დარგვიდან ნაყოფიერების დაწყებამდე 2-3 წელი სჭირდება. ერთი ჰექტარი 900-დან 1100-მდე ხეს მოიცავს.
ნაყოფის სიმწიფე დამოკიდებულია ჯიშზე
თეთრი ხორციანი დრაკონის ნაყოფს კრეფენ ყვავილობიდან 30-34 დღის შემდეგ. წითელი რბილობით ხილის სიმწიფის პერიოდი დგება ყვავილობიდან 29-32 დღის შემდეგ. მეწამული და ვარდისფერი ხილის მოსავლის სიმწიფე ხდება ყვავილობიდან 30 - 33 დღის შემდეგ. ნაყოფს ჭრიან სპეციალური მაკრატლით ან დანით, ათავსებენ კალათში ან სხვა კონტეინერში. შეგროვებისთანავე კი ისინი შენახვის ადგილას გადააქვთ.
როგორ ავირჩიოთ მწიფე დრაკონის ხილი?
ყურადღება უნდა მიაქციოთ ქერქის ფერს. წითელი და იასამნისფერი კანის მქონე ხილისთვის, რაც უფრო ნათელია ნაყოფის ფერადი ნაწილი, მით უკეთესი. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მწვანე ნაწილები რაც შეიძლება მუქი უნდა იყოს.
თუ თქვენს საახალწლო სუფრაზე „დრაკონის ხილი“ არ იყო, არ ინერვიულოთ. აღმოსავლური კალენდრის მიხედვით მწვანე ხის დრაკონის წელი 10 თებერვალს იწყება.