ტყიბულის წყალსაცავზე კუნძულები, რომლის ჯამური ღირებულება 2 მლნ ლარი იყო, გაიყიდა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათი განმარტებით, აუქციონი 28 დეკემბერს დასრულდა და გამარჯვებული 3 კომპანიაა, თუმცა მათი ვინაობა ამ ეტაპზე კონფიდენციალურია.
„დასრულდა აუქციონი და გაყიდულია სამივე კუნძული. დაფიქსირდა, რომ მყიდველი ჰყავს. საბოლოდ გაყიდულად მაინც მაშინ ჩაითვლება, როდესაც ყიდვის ხელშეკრულება გაფორმდება და თანხა იქნება გადახდილი. სამივე კუნძულს სხვადასხვა მეპატრონე ჰყავს.
რაც შეეხება სხვა დეტალებს და კომპანიების შესახებ ინფორმაციას, ვერსად ნახავთ, იმიტომ, რომ ეს კონფიდენციალურია, ჯერჯერობით, სანამ ქონების ეროვნულ სააგენტოში არ მოხდება ქონების დარეგისტრირება“,- განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ ტყიბულის ქონების მართვის სამსახურში.
ცნობისთვის, ტყიბულის მუნიციპალიტეტი, ტყიბულის წყალსაცავზე არსებულ 3 კუნძულს 2 მილიონ ლარად ყიდდა.
„თავისუფალი მიწის ნაკვეთები მდებარეობს ტყიბულის წყალსაცავზე სოფელ ახალსოფლის მხარეს. გოგნის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავიდან რამდენიმე კილომეტრში. ქალაქ ტყიბულიდან 5 კილომეტრში. საუკეთესო ტერიტორიაა ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარების მხრივ“, - ნათქვამია მიწების აღწერილობაში.
აუქციონის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, პირველის - 315 018 კვ.მ. მიწის ფართობის საწყისი ღირებულება 1.7 მლნ ლარი იყო, მეორე - 21 421 კვ.მ. მიწის ფასი 120 000 ლარი, მესამე მიწის ნაკვეთის, 31 828 კვ.მ.-ის - ფართობის საწყისი ფასი 180 000 ლარი.
იხილეთ ასევე: