Google-ი ციფრული ხმოვანი ასისტენტისა და ტექნიკური, საინჟინრო გუნდებიდან ასობით თანამშრომელს ათავისუფლებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამის მიზეზი ხარჯების შემცირებაა. გათავისუფლებულთა უმეტესობა პასუხისმგებელი იყო Pixel-ზე, Nest-სა და FitBit-ზე.
შეგახსენებთ, რომ Google-მა ჯანმრთელობისა და ფიტნეს-მონიტორინგის კომპანია Fitbit-ი, 2021 წელს, 2.1 მილიარდ დოლარად შეიძინა. ამის პარალელურად, იგი ამ დრომდე განაგრძობს Pixel Watch-ის ახალი ვერსიების გამოშვებას, რომელიც კონკურენციას უწევს როგორც Fitbit-ის ზოგიერთ პროდუქტს, ისე Apple Watch-ს.
აღნიშნული შემცირებების შესახებ ინფორმაცია, ჯერ კიდევ 2023 წლის იანვარში, ერთი წლის წინ გავრცელდა, როდესაც Alphabet-მა გამოაცხადა, რომ იგი 12 000 ადამიანის გათავისუფლებას გეგმავს, რაც მისი გლობალური სამუშაო ძალის 6%-ის ექვივალენტურია. 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, მათ სულ 182 381 თანამშრომელი ჰყავდათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
Google-ის წარმომადგენლებისა და აღმასრულებლების თქმით, ისინი მზად არიან, რომ თანამშრომელთა გათავისუფლების შედეგად გამოთავისუფლებული თანხებით, ინვესტირება მოახდინონ ისეთ პროდუქტებსა და პროექტებში, რომლებიც მაქსიმალურად დიდ კონკურენციას გაუწევს ChatGPT-ის და სხვა ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნილ პროდუქტებს.
აღსანიშნავია, რომ შემცირებებს საკმაოდ კრიტიკულად აფასებს დასაქმებულთა გაერთიანება, იგივე The Alphabet Worker Union, რადგან მათი თქმით, გუნდის წევრები საუკეთესო პროდუქტის შესაქმნელად დაუღალავად მუშაობენ.
„ჩვენი გუნდის წევრები დაუღალავად მუშაობენ საუკეთესო პროდუქტის შესაქმნელად. კომპანია ყოველ კვარტალში თანამშრომლების დათხოვნას ვერ გააგრძელებს მაშინ, როდესაც იგი მილიარდებს გამოიმუშავებს. ჩვენ იქამდე არ შევწყვეტთ ბრძოლას, სანამ ჩვენი სამუშაო ადგილები სრულად არ იქნება დაცული“, - ვკითხულობთ მათ მიერ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.