აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი პრეზიდენტის პოსტს 2003 წლიდან იკავებს. აღნიშნული პოსტი მან მემკვიდრეობით მამისგან, ჰეიდარ ალიევისგან მიიღო, შესაბამისად მისი 27 წლის ვაჟი, ჰეიდარ ალიევი სწორედ აზერბაიჯანის პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატია.
ცოტა ხნის წინ უმცროსი ჰეიდარი მამის ოფიციალურ შეხვედრაზე გამოჩნდა - 2024 წლის 9 იანვარს ილჰამ ალიევმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანსა და მის ოჯახს უმასპინძლა. შეხვედრას ორივე მხრიდან მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ. ამ ფაქტმა კიდევ უფრო გაამყარა აზერბაიჯანელების ეჭვები, რომ ის პრეზიდენტობისთვის ემზადება. 9 იანვრის შეხვედრამდე, უმცროსი ალიევის ოფიციალური გამოჩენა აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღზე კონტროლის დამყარების შემდეგ, მეუღლესთან ერთად შედგა. ეს იყო 2023 წლის დეკემბერი.
აზერბაიჯანულ მხარეს, პრეზიდენტ ალიევთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი და სხვა ოფიციალური პირები წარმოადგენდნენ. ჰეიდარს არანაირი ოფიციალური თანამდებობა არ უკავია, შესაბამისად ამ შეხვედრის შემდეგ გაჩნდა კითხვები, ხომ არ ამზადებენ მას ალიევების დინასტიის გამგრძელებლად.
უფრო კონკრეტულად კი, ვინ არის ჰეიდარ ალიევი უმცროსი და რას საქმიანობს ის?
უმცროს ალიევზე არც ისე ცოტა ინფორმაციაა ცნობილი: იგი დაიბადა 1997 წლის 24 აგვისტოს. დაამთავრა აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემია და მოიხადა სამხედრო სამსახური.
2022 წლის ნოემბერში პრეზიდენტის ვაჟიშვილმა იქორწინა. ეს ამბავი კი საზოგადოებამ დედამისის, მეჰრიბან ალიევას „ინსტაგრამიდან“ შეიტყო, რომელმაც შვილისა და მისი რჩეულის ფოტო გამოაქვეყნა და მათ ბედნიერება უსურვა.
ახალგაზრდა ალიევმა მოასწრო და უკვე ფინანსურ სკანდალშიც გაეხვა: ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ალიევების ოჯახის წევრები ფლობდნენ სხვადასხვა ბიზნესს, რომელიც იმალებოდა პანამასა და ვირჯინიის კუნძულებზე ოფშორული კომპანიების მიღმა, ასევე ძვირად ღირებულ უძრავ ქონებას და ოქროს საბადოებსაც კი.
ქონების დიდი ნაწილის ოფიციალური მესაკუთრე სწორედ ჰეიდარ ალიევი უმცროსი და მისი ორი დაა და ამ ქონების ჯამური ღირებულება 120 მილიონი დოლარია.