„არ ველოდით, თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა“ –  საქართველოში ზამთრის საბურავების დეფიციტია

საქართველოს ბაზარზე როგორც ახალი, ასევე მეორადი ზამთრის საბურავების დეფიციტია. მიუხედავად ამისა, როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას იმპორტიორები აცხადებენ, ფასები არ გაზრდილა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით, პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავით აღჭურვის ვალდებულებას ითვალისწინებს. ცვლილებების თანახმად, 1-ლი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით.

კომპანია „ავტობანის“ დამფუძნებელი ბაკური ხუნდაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ახალ წესს უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ ეს კანონი არასწორია, რადგან სახელმწიფო პირდაპირ არ უნდა ერეოდეს მსგავს რეგულაციებში. მისვე თქმით, ევროპული სტანდარტი სრულიად სხვაგვარია.

„ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ეს საკითხი დაზღვევას აქვს გადაბარებული. იქ დაზღვევა სავალდებულოა და შესაბამისად, როდესაც ადამიანს არ აქვს ზამთრის საბურავი და უნდა მთასა და თოვლში მანქანით წასვლა, სადაზღვეო აფრთხილებს, რომ ავარიის შემთხვევაში, იგი ხარჯებს არ აანაზღაურებს. რა თქმა უნდა, საჭირო და აუცილებელია, რომ ყველა უსაფრთხოდ გადაადგილდებოდეს, მაგრამ კანონის ამ ფორმით შემოღება არ არის გამართლებული“, - განაცხადა ბაკური ხუნდაძემ.

„ავტობანის“ დამფუძნებელი ასევე ხაზს უსვამს ქართულ ბაზარზე შექმნილ ზამთრის საბურავების დეფიციტს, რომელიც კანონის შემოღებამ გამოიწვია, მაგრამ მისი თქმით, მოთხოვნის გაზრდას ფასის მატება არ მოჰყოლია.

„ჩვენ არ ველოდით, თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ზამთრის საბურავებზე და შესაბამისად, ამისთვისთვის მზადაც არ ვიყავით. აქედან გამომდინარე, ბაზარზე დეფიციტია შექმნილი. ფასები დეფიციტის მიუხედავად დიდად არ გაზრდილა. ზოგი სარგებლობს ამ სიტუაციით, ხოლო ზოგი ადეკვატური ფასნამატით ყიდის საბურავებს“, - თქვა ბაკური ხუნდაძემ „ბისნესპრესნიუსთან“.

მოთხოვნის გაზრდასა და დეფიციტზე საუბრობს მეორადი საბურავების შემომტანი კომპანია „ვილსიც“. მისი დირექტორი, პავლე შეყლაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარისას ამბობს, რომ ბაზარზე არსებული დეფიციტი მრავალმა მიზეზმა გამოიწვია, მაგრამ ფასი გასულ წელთან შედარებით, არა თუ გაზრდილი, არამედ შემცირებულია.

„ფასები საქართველოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე არ გაიზარდა, მაგრამ მოთხოვნა საგრძნობლადაა მომატებული. საბურავებზე დეფიციტიც კი შეიქმნა, რადგან ყველა ზამთრის საბურავეს ეძებს. ასევე არსებობს პრობლემური ზომები. მაგალითად, ევროპიდან შემოდის, ამერიკულ ზომებს ვერ აკმაყოფილებს და მომხმარებელს პრობლემა ექმნება.

რაც შეეხება ფასებს, ის მეტწილად ევროს კურსის მიხედვით რეგულირდება. წინა წელს ევრო უფრო მაღალ კურსზე იყო, შესაბამისად, საბურავი შარშან უფრო ძვირი ჯდებოდა, წელს კი ეს თანხა შედარებით ნაკლებია“, - განმარტა პავლე შეყლაშვილმა.

იხილეთ ასევე: „ყველა ავტომობილს ამოწმებენ“ - გზები, სადაც ზამთრის საბურავების გარეშე ვეღარ იმოძრავებთ

ავტომობილის ზამთრის საბურავებით მოძრაობა გზის გარკვეულ მონაკვეთებზე 1-ლი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში იქნება სავალდებულო

ავტომობილების ზამთრის საბურავების გარეშე მოძრაობაზე 100 ლარიანი ჯარიმა დაწესდება - დარღვევის შემთხვევაში ავტომობილი შესაძლოა, 112-ის სადგომზეც გადაიყვანონ

ბაჩანა ტყემალაძე