BAG ინდექსის 2023 წლის მე-4 კვარტლის კვლევის თანახმად, 2023 წლის მე-4 კვარტალში, 2023 წლის მე-3 კვარტალთან შედარებით, BAG ბიზნეს კლიმატი 4.5 ქულით გაუარესდა. აღნიშნულ პერიოდში, გამოკითხული კომპანიების მიერ მიმდინარე მდგომარეობის შეფასება გაუარესდა 6.1 ქულით, ხოლო მომდევნო 6 თვის მოლოდინის მაჩვენებელი გაუარესდა 2.8 ქულით.
„2023 წლის მე-4 კვარტლის შედეგები ასევე გაუარესებულია 2022 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით, როდესაც BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 44.4-ს, მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 37.6-ს, ხოლო მომდევნო 6 თვის მოლოდინის ქულა 51.4-ს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 1-ლი კვარტლიდან BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი დადებითია და 2023 წლის მე-3 კვარტლამდე უმჯობესდებოდა (ზრდადი ტენდენციის შემდეგ, 2023 წლის მე-3 კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი გაუარესებულია),“- აღნიშნულია კვლევაში.
ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2023 წლის მე-4 კვარტალში გამოკითხული კომპანიების 14%-მა გაზარდა გაყიდვების ფასები. რაც შეეხება 2024 წლის 1-ლი კვარტლის მოლოდინს, გაყიდვების ფასების ზრდას გამოკითხულ კომპანიათა 22% ვარაუდობს.
„სექტორებს შორის, 2023 წლის მე-4 კვარტალში, ფასების ზრდას პროცენტულად ყველაზე მეტი კომპანია მშენებლობის სექტორში აფიქსირებს.
რაც შეეხება მოლოდინებს, 2024 წლის 1-ლი კვარტლისთვის, ფასების ზრდის მოლოდინი ყველაზე მეტად მრეწველობის სექტორში ფიქსირდება.
ფასების ზრდის დინამიკა ყველაზე ნაკლებად მომსახურების სექტორში შეინიშნება, ვინაიდან გამოკითხულ კომპანიათა მხოლოდ 10%-მა გაზარდა ფასები თავიანთ პროდუქციაზე 2023 წლის მე-4 კვარტალში,“- ვკითულობთ კვლევაში.