სუროგაციისა და ინვიტრო განაყოფიერების წესების გამკაცრების შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენიდან მოიხსნა. ეს მაშინ, როდესაც გასული წლის შემოდგომაზე, საკითხის განხილვა პარლამენტში დაჩქარებული წესი მიმდინარეობდა.
ცნობისთვის, ის რომ, სუროგაცია და ინვიტრო განაყოფიერება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნებოდა დაშვებული, პირველად პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააჟღერა. ამავე პერიოდიდან, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დაჩქარებული წესით დაიწყო. კონტროლის გამკაცრების მთავარ მიზეზად კი, ბავშვების გასხვისებასთან დაკავშირებული საფრთხეები, საერთაშორისო პრაქტიკა, ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება და ცალკეული კლინიკების უკონტროლო საქმიანობა დასახელდა. თუმცა, ორი განხილვის შემდეგ, კანონის პროექტი მესამე მოსმენაზე აღარ გასულა.
როგორც ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, დაანონსებული რეგულაციები თავიდანვე გაუგებარი იყო და კარგია, რომ მოიხსნა. მისი თქმით, ამ ეტაპზე სუროგაციისა და ინვიტრო განაყოფიერების მიმართულებით მოქმედ დაწესებულებებთან, საკითხის განხილვაც კი აღარ მიმდინარეობს.
„ეს კანონი უკვე 1-ლი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ მესამე მოსმენიდან მოხსნეს. მე ვესწრებოდი პირველ ორ მოსმენას. ამ ეტაპზე, იმ ხალხთან და იმ კომპანიებთან, ვინც მუშაობენ ამ მიმართულებით, არანაირი მუშაობა არ მიმდინარეობს. მაშინ, როდესაც კანონპროექტზე მუშაობისას, ხვდებოდნენ მათ წარმომადგენლებს და არცერთი თხოვნა და რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს.
მე მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ უნდოდათ ეს შეეჩერებინათ, მერე, ერთი რომელიმე კომპანია გახდებოდა მონოპოლისტი და ის განახორციელებდა მხოლოდ. ერთი ისაა კარგი, რომ სუროგატი დედის კვერცხუჯრედი არ უნდა გამოყენებულიყო, ეს უნდა ყოფილიყო აბსოლუტურად სხვა გენეტიკური მასალის, რაც მომწონს და კარგია (შემდეგ სუროგატმა პრეტენზია რომ არ გამოაცხადოს, ჩემიაო), მაგრამ უცხოელებისთვის აიკრძალებოდა, ასევე უნდა ყოფილიყო მხოლოდ ნებაყოფლობით სუროგაცია. როგორც წარმოგიდგენიათ, სუროგატმა დედამ 9 თვე ნებაყოფლობით ატაროს, ამაში არაფერი აიღოს (თანხა) და მშობლებმა გადაიხადონ მხოლოდ სამედიცინო, თუ იურიდიული ხარჯი. არგუმენტი იყო, რომ არ ვიცით, სად გაჰყავთ ბავშვებიო, მაგრამ ისე გააკეთე, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მოვითხოვოთ უცხოელი წყვილებისგან და ა.შ. ძალიან გაუგებარი რაღაცები იყო. კი, გავამკაცროთ, უფრო მეტი კონტროლი დავამყაროთ, მაგრამ ის, რომ უცხოელებზე - არა, და, აქ უანგარო სუროგაცია გვქონდეს მხოლოდ, ძალიან რთულად წარმოსადგენია. ჩვენთან სუროგაციას და ინვიტროს წელიწადში 70 მლნ დოლარი შემოჰქონდა და აქედან გამომდინარეც, კარგია, რომ შეჩერდა. ალბათ, „ქართულ ჯიგრულ პონტში" გადაიდო ეს ამბავი“,- ამბობს ვატო სურგულაძე.
აღნიშნული საკითხის მოხსნის მიზეზების გარკვევას „ბიზნესპრესნიუსი“ ჯანდაცვის კომიტეტში შეეცადა, თუმცა პარლამენტში განმარტავენ, რომ მიმდინარეობს რიგი საკითხების დაზუსტება და როგორც ეს მოხდება, კომენტარს ამის შემდეგ გააკეთებენ.