UBS Group AG-მა Credit Suisse-ისგან მემკვიდრეობით მიღებული ერთ-ერთი იურიდიული დავა მოიგო. Credit Suisse-ის ფულის გათეთრების საქმეზე გამოძიება შეწყდა. ინფორმაციას Bloomberg-ი ჟენევის მთავარი ფინანსური პროკურორის 9 იანვრით დათარიღებულ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.
თაღლით ბანკირზე ხელისუფლების მიერ გამოძიების დაწყებიდან წელიწადნახევრის შემდეგ ჟენევის მთავარმა ფინანსურმა პროკურორმა, ივ ბერტოსამ განაცხადა, რომ პატრიკ ლესკადრონის ან მესამე მხარის მიერ ბანკში „ფულის გათეთრების“ მტკიცებულებები ვერ მოიპოვა.
მანამდე ლესკადრონს ბრალი ედებოდა, რომ ხელმოწერებსა და კლიენტის ანგარიშის გამოწერებსაც კი აყალბებდა, რომ თავისი უმსხვილესი კლიენტის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ანგარიშებიდან მილიონები უკანონოდ გადაერიცხა. ამით ის ცდილობდა, სხვა კლიენტების პორტფელებში მზარდი ზარალი დაეკომპენსირებინა. ლესკადრონის საქმიანობა, თითქმის, ათი წლის განმავლობაში შეუმჩნეველი რჩებოდა, ვიდრე მან თავისი თაღლითობა 2015 წელს თავად არ აღიარა, ხოლო მოგვიანებით თავი მოიკლა.
ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი საქმის დახურვის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მისი თქმით, ამჟამად ივ ბერტოსა ირწმუნება, რომ „ეს დანაშაულები ფულის გათეთრების ლინზებით კი არა, არამედ მხოლოდ დანაშაულების კონტექსტში უნდა განიხილებოდეს, რისთვისაც ლესკადრონი იყო ნასამართლევი.“
„ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამ მსჯელობას, რომელიც აიგნორირებს მტკიცებულებებს, რომლებიც კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის მხრიდან თაღლითობის შედეგად მიღებული შემოსავლების დამალვისა და გათეთრების მზადყოფნაზე მიუთითებს,“ - აცხადებს ივანიშვილის წარმომადგენელი.
Bloomberg-ის შეფასებით, ეს საუკეთესო შედეგია UBS-ისთვის, რომელსაც მრავალი იურიდიული თავის ტკივილი და კლიენტთა მილიარდობით შვეიცარული ფრანკის აქტივები ერგო მემკვიდრეობით, როცა მან შარშან თავისი კონკურენტი ბანკი შეიძინა. 2018 წელს თაღლითობისა და გაყალბებისთვის ნასამართლევი ლესკადრონის საქმემ ბერმუდიდან სინგაპურამდე მთელი რიგი სასამართლო დანაკარგი გამოიწვია, რამაც გაერთიანებულ ბანკს ასობით მილიონი შვეიცარული ფრანკის ზარალი მიაყენა.
პოზიციის რადიკალურად შეცვლამდე, რაც პროკურორ ბერტოსამ პირველად ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში, თავის წერილში დააფიქსირა, ის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ Credit Suisse-მა ვერ აღკვეთა 2008-დან 2014 წლამდე შესრულებული რვა ტრანზაქცია, რაც, მისი აზრით, ფულის გათეთრებას წარმოადგენდა.
ახალი გადაწყვეტილება პროკურატურის წარმომადგენელმა დაადასტურა, ხოლო UBS კომენტარზე უარს აცხადებს.
Credit Suisse ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ლესკადრონი მარტო მოქმედებდა, ანუ „მარტოხელა მგელი“ იყო და თავის თაღლითობას კოლეგებს უმალავდა. თუმცა ბერმუდის სასამართლოს მოსამართლემ, რომელმაც გადაწყვეტილება ბანკის წინააღმდეგ მიიღო, დაადგინა, რომ ბანკი ლესკადრონის არასწორ ქმედებებზე თვალს ხუჭავდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ