იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმს 2023 წელს 137 193 დამთვალიერებელი ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 53%-იანი ზრდაა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სტალინის სახლ-მუზეუმის დირექტორის თანაშემწემ, მარიამ ნუცუბიძემ განუცხადა, 2022 წელს სტალინის სახლ-მუზეუმს 89 806 ვიზიტორი ჰყავდა.
სტალინის სახლ-მუზეუმში ამბობენ, რომ გასულ წელს მუზეუმს ძირითადად ჩინეთიდან, რუსეთიდან, ირანიდან, ტაილანდიდან, პოლონეთიდან და ისრაელიდან სტუმრობდნენ.
ცნობისთვის, სტალინის სამუზეუმო კომპლექსის (მუზეუმის საგამოფენო დარბაზები, სტალინის მემორიალური სახლი და პირადი ვაგონი) დათვალიერება გიდის თანხლებით - 15 ლარი ღირს, მხოლოდ სტალინის პირადი ვაგონის მონახულება კი - 5 ლარი.
მუზეუმში მოქმედებს შეღავათები კონკრეტული კატეგორიის პირებისთვის, კერძოდ, სტუდენტებისთვის სამუზეუმო კომპლექსის დათვალიერების ფასი - 10 ლარი, ხოლო მოსწავლეებისთვის - 1 ლარია. 6-წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მუზეუმის დათვალიერება უფასოა.
გარდა ამისა, მუზეუმის დათვალიერება უფასოა II მსოფლიო ომის მონაწილეებსა და მათთან გათანაბრებული პირებისათვის; ICOM- ის წევრებსა და საქართველოს მუზეუმების თანამშრომლებისათვის; I და II ჯგუფის ინვალიდებისათვის; მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის; სიღარიბის ზღვარსმიღმა მყოფი პირებისათვის; მრავალშვილიანი და მარტოხელა დედებისათვის; იძულებით გადაადგილებული და ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები პირებისათვის; ჟურნალისტებისათვის; ჯარისკაცებისათვის.