2023 წელს, გასულ წელთან შედარებით, დედაქალაქში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 14 მლნ ლარით, თითქმის 280%-ით გაიზარდა.
კერძოდ, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, გასულ წელს დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 19,024 მლნ ლარი შევიდა, 2022 წელს - 5,020 მლნ ლარი.
ამასთან, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, შარშან სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 363,026 მლნ ლარი შევიდა, 2022 წელს 281,741 მლნ ლარი.
ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა, შესაბამისად, მოცულობის ზრდა ნაწილობრივ სწორედ ამ ცვლილებით არის განპირობებული.