როგორ დავკარგოთ 20 მლრდ დოლარი და დავიწყოთ ყველაფერი ნულიდან: ჩარლზ ერგენის ისტორია Dish Network-დან

ჩარლზ ერგენი Forbes-ის მიხედვით ამერიკის 24-ე ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო. თუმცა 2015 წელს მისი ქონება 94%-ით დაეცა და მან მილიარდერთა კლუბი დატოვა.

როგორ მისცა ერგენმა ახალი სიცოცხლე თავის ბიზნეს იმპერიას? - სწორედ ნულიდან დაწყებული ახალი იდეის შესახებ მოგვითხრობს სტატია, რომელიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ დანებება ყოველთვის ცუდი იდეაა.

2015 წლის დასაწყისში ჩარლზ ერგენი იყო კოლორადოს უმდიდრესი მკვიდრი და 24-ე ყველაზე მდიდარი ადამიანი შეერთებულ შტატებში. მისი სატელევიზიო მაუწყებლობის კომპანიის Dish Network-ის აბონენტი იყო თითქმის 14 მილიონი ოჯახი. იმ დროისთვის კომპანიის კაპიტალიზაციამ რეკორდულ დონეს - თითქმის 37 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ჩარლზის მეორე კომპანიამ EchoStar-მა კი Dish Network-ის წარმატებისგან სარგებელი მიიღო და ორივე ერთად სატელევიზიო მაუწყებლობის ტექნიკურ ბაზას უზრუნველყოფდა. ერგენი ორივე საჯარო კომპანიაში მნიშვნელოვან წილებს ფლობდა, მისი პირადი ქონება 20,1 მილიარდი დოლარი იყო.

თუმცა მალევე დაიწყო სტრიმინგის სერვისის ომები. იმის გამო, რომ მომხმარებლები მასობრივად გადავიდნენ Netflix-ზე ან Hulu-ზე, Dish TV-ის აუდიტორია 14 მილიონიდან 6,7 მილიონამდე შემცირდა. გასულ წელს კი სულ რაღაც 900 000 კლიენტი ჰყავდა. 2015 წლიდან მისი ქონება 94%-ით შემცირდა და 800 მილიონ დოლარამდე დაეცა.

დღეს, ყოფილი პროფესიონალი პოკერის მოთამაშე, ერგენი დარწმუნებულია, რომ შეუძლია დაიბრუნოს თავისი წარმატება ბიზნეს მოდელის სრული გადახედვით. ის გეგმავს EchoStar-ისა და Dish Network-ის შერწყმას და ბიზნესის გადაკეთებას ფასიანი ტელევიზიის ოპერატორიდან 5G უკაბელო ქსელის პროვაიდერად.

კომპანიების შერწყმა აგვისტოში ოფიციალურად გამოცხადდა და კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ 6 დეკემბერს დაამტკიცა. ამიტომ კვოტები 31%-ით გაიზარდა და ეს დაეხმარა ერგენს დაბრუნებულიყო მილიარდერთა რიგებში - დღეს მისი ქონება 1,3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ინვესტორები იმედოვნებენ, რომ მომდევნო წლის განმავლობაში Dish Network-ი შეძლებს გადაიხადოს თავისი დიდი ვალის მინიმუმ პირველი ნაწილი, მაგრამ ექსპერტები ნაწილობრივ კვლავ სკეპტიკურად არიან განწყობილნი.

წყარო: forbes

თეონა რამაზაშვილი