საბერძნეთში წელს ტურისტები კლიმატის გადასახადს გადაიხდიან. ის სასტუმროს ამჟამინდელ დამატებით გადასახადს ჩაანაცვლებს და ძალაში მარტიდან ოქტომბრამდე, ანუ პიკურ სეზონზე იქნება. ინფორმაციას სამთავრობო მაცნე ავრცელებს.
ახალ გადასახადს „კლიმატის კრიზისის მიმართ მდგრადობის საფასური“ ეწოდა. ახალი სისტემის მიხედვით, გადასახადს განსახლების ობიექტებში ამოიღებენ. ხელისუფლება მოელის, რომ მოსაკრებელი სტიქიური უბედურებების დროს ეფექტური ფინანსური მხარდაჭერა იქნება.
გადასახადის ოდენობა სასტუმროს კატეგორიის მიხედვით ვარირებს. კერძოდ, ერთ ან ორვარსკვლავიან სასტუმროში მომხმარებელს დღეღამეში, 0,5 ევროს ნაცვლად, დამატებით 1,5 ევროს გადახდა მოუწევს. სამვარსკვლავიან სასტუმროში განთავსების საფასური დღეღამეში 1,5 ევროდან 3 ევრომდე გაიზარდა. ოთხვარსკვალვიან სასტუმროში გადასახადი, 3-ის ნაცვლად, 7 ევრო გახდა, ხოლო ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში დამატებითმა დღიურმა გადასახადმა 10 ევროს მიაღწია, მაშინ, როცა მანამდე 5 ევრო იყო.
კლიმატის გადასახადი საცხოვრებლის ფასში გაერთიანებული არ არის და დამსვენებელმა ადგილზე, ცალკე უნდა გადაიხადოს.
ამასთან, დაბალ სეზონზე ტურისტული გადასახადი შენარჩუნდება, რომელიც ნოემბრიდან თებერვლამდე დღეში 0,5-დან 4 ევრომდე შეადგენს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ