რუსთავს, კიდევ ერთი სრულად განახლებული ქუჩა შეემატება. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, პროექტი, რომლის განხორციელებასაც რუსთავის მერია იწყებს, ტაშკენტის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებამდე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას, საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნებისა" და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ტაშკენტის ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც დავიწყეთ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო და დღეს უკვე სამუშაოებს მთავრობის დახმარებით ვიწყებთ. პროექტი მოიცავს როგორც საავტომობილო გზის რეაბილიტაციას, ასევე მოეწყობა მწვანე სივრცეები, განათებისა და სარწყავი სისტემები, ველობილიკები, სანიაღვრე ქსელი, საპარკინგე სივრცეები. პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი, ევროპული და უსაფრთხო ქუჩა შეემატება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებამდე კი ,,რუსთავ-სერვის ცენტრმა“ საავტომობილო გზის შუა გამყოფ ზოლზე მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.
რუსთავის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ტაშკენტის ქუჩაზე განახლდება 570 მეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთი და ტროტუარები, გათვალისწინებულია ახალი სანიაღვრე ქსელის, გარე განათების, სარწყავი სისტემის, ველობილიკების, პარკინგის, მუნიციპალური ტრანსპორტის ახალი გაჩერებების მოწყობა. ტერიტორიაზე განთავსდება დასასვენებელი სკამები, გათვალისწინებულია ახალი მწვანე სივრცეების მოწყობაც.
ტაშკენტის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 2 994 439 ლარს შეადგენს და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.