„განკითხვის დღისთვის მომზადება“ მდიდარი ადამიანების ერთგვარ ჰობად განიხილებოდა, რომელიც ზოგიერთ ადამიანს პარანოიაშიც კი გადაეზარდა, მაგრამ ჩვეულებრივმა ამერიკელებმა, 2022 წლის აპრილიდან, 2023 წლის აპრილამდე, პირველადი მოხმარების და გადასარჩენი ნივთების შესაძენად 11 მილიარდი დოლარი დახარჯეს.
გამოკითხვები აჩვენებს, რომ აშშ-ის მოსახლეობის მესამედი გრძნობს საფრთხის მოახლოებას, რომლის მოსამზადებლადაც მათ საკმაოდ ცოტა რესურსი აქვთ. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები კი ასობით მილიონ დოლარს ხარჯავენ მიწისქვეშა ნაგებობების მოწყობასა და კერძო კუნძულების შეძენისთვის.
გასული წლის ბოლოს გაირკვა ისიც, რომ მარკ ცუკერბერგმა 51 მილიონ დოლარად იყიდა 2000 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც ბუნკერის მოწყობას გეგმავს.
2022 წელს კი, ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულზე, ადგილობრივმა სათემო საბჭომ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია ერთ-ერთ მილიარდერს, რომელსაც სურდა, რომ ისტორიულად დაცული ტბის, ვანაკას გვერდით საკმაოდ დიდი მოცულობის ბუნკერი გაეჭრა, რადგან ეს ქმედება, არსებითად დააკარგვინებდა ბუნებრივ ლანდშაფტს მის ხელშეუხებელ მომხიბვლელობასა და ბუნებრივობას. ისიც უნდა ითქვას, რომ ახალი ზელანდია დიდი პოპულარობით სარგებლობს მილიარდერთა წრეში.
რუსეთსა და უკრაინის ომმა ღრმა შიში გააჩინა სამყაროს დასასრულის შესახებ, ვინაიდან კრემლის ყველა განცხადებაში შეიმჩნევა ფარული მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ. ეს შეშფოთება კიდევ უფრო გამძაფრდა ისრაელ-პალესტინის ომის დაწყების შემდეგ.
შეშფოთება ყველაზე მეტად Gen-Z-ის თაობაში გამოიხატება. 1997 წლის შემდეგ დაბადებული ადამიანები ყველაზე მეტად ემზადებიან კატასტროფისთვის. Finder-ის კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების 40%-მა განაცხადა, რომ მათ საკმაოდ დიდი ოდენობის თანხები დახარჯეს სხვადასხვა გაჯეტების, თუ პროდუქტების შეძენისთვის.
PayPal-ის ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა რეიდ ჰოფმანმა The NewYorker-ს განუცხადა, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ჩუმად ცდილობენ, რომ ახალ ზელანდიაში რაც შეიძლება მეტი ტერიტორია შეიძინონ. მეტიც, ჰოფმანის თქმით, ახალ ზელანდიაში სახლის ყიდვა ერთგვარი ეტიკეტია, რომელიც თვალის ჩაკვრასა და გაჩუმებას ნიშნავს.
„ამაზონის დამფუძნებელმა“, ჯეფ ბეზოსმა, ინდიან კრიკზე არა ერთი, არამედ ორი კერძო საკუთრება, სულ რაღაც 150 მილიონ დოლარად შეიძინა.
ახლა კი წარმოგიდგენთ Daily Mail-ის მიერ შემუშავებულ გეგმას, რომელიც მოიცავს ისეთი საბუნკერო მარაგის შექმნას, რომლითაც ოთხსულიანი ოჯახი (ორი ზრდასრული და ორი ბავშვი) გადარჩება:
გახსოვდეთ, რომ თითოეული ოჯახის საჭიროებები შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს, ამიტომ ეს სია თქვენს კონკრეტულ მოთხოვნებს მოარგეთ.