„თბილისშიც ღირს პური 10 ლარი, ვინმე ნერვიულობს ამაზე?! - კურორტებზე ფასების კიდევ უფრო ზრდას ელიან

„ვინმე ნერვიულობს იმაზე, რომ აეროპორტში ყავა 25 ლარი ღირს? ან რატომ არ ნერვიულობს ხალხი იმაზე, თუ რა დევს ხაჭაპურში, რომელიც ქუჩაში იყიდება და 1,7 ლარი ღირს?“ - ასე ეხმაურება რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "საქმე“ საქართველოს სამთო კურორტებზე მაღალ ფასებს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი, პრეზიდენტი კოტე გაბრიჩიძე.

„გუდაურის ზედა დონეზე, სადაც ბუნებრივი აირი არ არის და ხალხი ელექტროენერგიით თბება, 20 წელია უკვე გაზის მიყვანაზეა ლაპარაკი და ბოლომდე ვერ მივიდა ეს პროცესი. სხვათაშორის, იქ ღამეც თუ არ გქონდა ელექტროენერგია ჩართული, გაიყინება ყველაფერი და გაზაფხულამდე აღარ დადნება, შესაბამისად, მაღალი ფასები არ უნდა გაგვიკვირდეს“, - განაცხადა გაბრიჩიძემ.

მისი თქმით, ფასების ზრდის კიდევ ერთი პრობლემაა სამჯერ მეტი ხარჯები.

„არავის არ უნდა ფასის მომატება და ის, რომ ვერ გაყიდოს, თუმცა ყველა ყველაფერს ყიდის, მაგისი პრობლემა არ არის. ვინმე ნერვიულობს იმაზე, რომ აეროპორტში ყავა 25 ლარი ღირს? ან რატომ არ ნერვიულობს ხალხი იმაზე, თუ რა დევს ხაჭაპურში, რომელიც ქუჩაში იყიდება და 1,7 ლარი ღირს?

ბათუმში რა ხდებოდა ზაფხულში? - უცხოელი ტურისტები მრავლად იყვნენ, იხდიდნენ იმ ფასს, რასაც სთავაზობდნენ და შედეგად ყველაფერი ღირდა ძალიან ძვირი. თუ გუდაურში ჩავა იმდენი ტურისტი, რამდენიც მაგალითად დუბაიშია, იგივე ხაჭაპურის ფასი შესაძლოა, 100 ლარიც გახდეს. ასე რომ, ფასების ზრდა გარდაუვალია. თბილისიდან ასული სტუდენტი ვერ გაეჯიბრება დუბაიდან ჩამოსულ ტურისტს, რომელიც გუდაურში ფულის დასახარჯადაა ჩამოსული. ერთადერთი, კონკურენციას შეუძლია დაარეგულიროს შედარებით: თუ გუდაურში იქნება სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ მეტი კაფეები და რესტორნები, მაშინ ეს სიტუაცია ნელ-ნელა წამოვა ქვევით,“ - განაცხადა ასოციაციის დამფუძნებელმა.

მისი თქმით, პური 10 ლარი თბილისშიც ღირს, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი დაბალფასიან პურს ყიდულობს.

„გასაგებია, რომ ადგილზე გამომცხვარი პური ღირს 10 ლარი და ძვირია, მაგრამ თბილისში, სადაც ათასობით კაფე და რესტორანია და კონკურენციაც და ფასებიც დაბალანსებულია, „ანტრეში“ პური ასევე 8-10 ლარი ღირს. მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი ყიდულობს „იფქლის“ პურს იფქლური ფასით," - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.

ეკა დარჩიაშვილი