„ბატონ მინისტრს სჩვევია, ტელევიზიიდან გვიანონსებს ყოველთვის ახალ ამბებს, ამიტომ როდესაც ასეთი დამოკიდებულებაა, საპასუხო პროტესტს აუცილებლად მიიღებენ“, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსმა, მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა ნინო ოთარიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დანგრევას გეგმავს, სამედიცინო პერსონალს კი, სხვა კლინიკებში დასაქმებას, ან კომპენსაციას ჰპირდება.
„არც იმ დაპირების გვჯერა, რომ ჩვენ სადმე დაგვასაქმებენ, იმიტომ რომ მულტიპროფილური სახელმწიფო კლინიკა არის მხოლოდ რესპუბლიკური თბილისის, ბათუმის, ასევე, ცენტრალური საუნივერსიტეტო, რუხის კლინიკა და ქუთაისის „ჩხობაძე“, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია და თავისით ინგრევა შენობა. ყველა კლინიკა დაკომპლექტებულია და მუშაობს, სად უნდა გადაგვიყვანონ 650 თანამშრომელი?! წარმოუდგენელია. თბილისში გამორიცხულია, „ჩხობაძე“ ინგრევა, ბათუმი მუშაობს, ერთადერთ რჩება რუხის კლინიკა, რომელიც არის ცარიელი, ახლა აკომპლექტებენ, რესპუბლიკურიდან გაზიდეს ყველაფერი, რისი წაღებაც შეიძლებოდა, კოვიდის შემდეგ განყოფილებები რომ დაიკეტა, იყო აბსოლუტურად ახალი აპარატურა და საწოლები, ყველაფერი იქ გაიტანეს. ალბათ, შემოთავაზებაც ექნებათ რუხის კლინიკაში. გვეუბნებიან, ჩვენ დაველაპარაკებით კლინიკებს და მიგიღებენო. რომელი კლინიკებს დაელაპარაკებიან, კერძო კლინიკა რატომ მიმიღებს, ან სახელმწიფო, იგივე ლევან რატიანის კლინიკა რატომ მიმიღებს, როცა თავისი „სტაფი“ ჰყავს და მუშაობს?! 700 კაცს როგორ მიიღებს, წარმოუდგენელია.
პერსონალში საპროტესტო მუხტი ძალიან დიდია. ვაპირებთ შეკრებას და სამომავლო გეგმების დასახვას.
ბატონ მინისტრს სჩვევია, ტელევიზიიდან გვიანონსებს ყოველთვის ახალ ამბებს, ამიტომ როდესაც ასეთი დამოკიდებულებაა, საპასუხო პროტესტს აუცილებლად მიიღებენ.
არ მინდა, ვინმემ ისე გაიგოს, რომ ჩვენ ვარ ადამიანები, ვინც ხელს უშლის ახალი კლინიკის აშენებას. პირველი შეხვედრები როცა დაიწყო შარშან გაზაფხულზე, ბატონო ილია (ღუდუშაური) მოვიდა ზუსტად ასეთი განწყობით, ჩვენ ხომ თქვენთვის გვინდა, ახალი კლინიკა უნდა გავაკეთოთ, თქვენ ეს არ გინდათ, რაღაც პროვოკაციებს ეგებით და ა.შ. ჩვენ გვინდა, როგორ არ გვინდა. მეტიც, 2007 წლიდან იყო რამდენიმე პროექტი, აქედან 2 რეალური, არქიტექტურული პროექტი იყო. ერთი 2007 წელს, თვითონ „ქართუ ჯგუფის“ მიერ გაკეთებული, რომლის პრეზენტაციაც ჩატარდა, ეზოში უნდა აშენებულიყო ერთსართულიანი ორი კორპუსი, ერთმანეთთან მინის დერეფნით დაკავშირებული, დაახლოებით, ისეთივეა რუხის კლინიკა, რომელიც აშენდა. მეორე პროექტი თვითონ „ქართული ოცნების“ დროს, სამინისტრომ შეუკვეთა 2021 წელს, 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა, სწორედ სამხარაულის დასკვნას ემყარებოდა, რომ შენობის მზიდი კონსტრუქცია არის მყარი და შეიძლებოდა მისი გადაკეთება, ეს პროექტი გაკეთდა, რომელშიც სამინისტრომ 300 ათას ლარამდე გადაიხადა. შუალედური პროექტის გაცნობა იყო სამინისტროში, ჩვენთანაც, რომ აი, ამას ვაპირებთ და დაიწყებოდა ძველი რესპუბლიკური საავადმყოფოს რეკონსტრუქცია, გათვლილი იყო, რომ ეტაპობრივად მოხდებოდა, ამას ჩვენ ველოდებოდით და ძალიან გვიხაროდა. ეს დასრულდა 2022 წლის დეკემბერში და უკვე 2023 წლის 16 თებერვალს გამოდის მინისტრი და ამბობს, რომ რესპუბლიკური უნდა დავანგრიოთ. მესმის, რაღაც პროექტი დაიწუნო, მაგრამ ახლა პროექტი საერთოდ არ არსებობს, ადამიანები გვესაუბრებიან ჰაერზე“,- ამბობს ნინო ოთარიშვილი.
ცნობისთვის, გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი თემა რესპუბლიკური საავადმყოფოს სამომავლო ბედი იყო. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და მის ბაზაზე მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აშენება.
გუშინვე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდა, სადაც აღნიშნა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი, უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით.