დანიურმა საზღვაო გადამზიდავმა და ლოგისტიკურმა კორპორაცია AP Moller-Maersk-მა მსოფლიოში ყველაზე დიდი, 350 მეტრ სიგრძის საკონტეინერო გემი, Ane Maersk წარადგინა, რომელიც მწვანე მეთანოლზე მუშაობს. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
მეთანოლი არის საწვავი, რომელიც როგორც ბიომასისგან, მაგალითად, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან, ასევე, წყალბადისა და ნახშირორჟანგისგან წარმოიქმნება.
კონტეინერმზიდი სამხრეთ კორეის ქალაქ ულსანში, გემთმშენებელი კომპანია HD Hyundai Heavy Industries-ის ქარხანაში აშენდა. ის 16,592 კონტეინერს იტევს.
გემი პირველ რეისს თებერვალში შეასრულებს, რომლის დროსაც აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის ქვეყნებს შორის იმოძრავებს. კომპანიის ფლოტისა და ტექნოლოგიების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი, ლეონარდო სონციო აცხადებს, რომ Moller-Maersk „მიმდინარე ათწლეულის ბოლოსთვის გადაზიდვების მთლიანი მოცულობის მეოთხედს ეკოლოგიურად სუფთა საწვავის გამოყენებით შეასრულებს.“
ამ მიზნისთვის კორპორაცია, რომლის წილიც მთლიან საზღვაო სატვირთო გადაზიდვებში მეხუთედს შეადგენს, თავის ფლოტს მუდმივად განაახლებს. კერძოდ, 2027 წლისთვის კომპანიის ფლოტი მწვანე მეთანოლზე მომუშავე 25 გემით შეივსება.
თავის მხრივ, სამხრეთ კორეის გემთმშენებელი კომპანია აცხადებს, რომ 2024 წლის შეკვეთებში 70% იმ გემების წილია, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე იმუშავებენ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ