სადგურის მოედანი და დადიანის ქუჩა ერთმანეთს საავტომობილო ხიდით დაუკავშირდება. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ხიდის პროექტირების სამუშაოები.
როგორც მერმა აღნიშნა, პროექტი გულისხმობს სადგურის მოედნის განახლებასა და საავტომობილო კავშირის შექმნას, რომელიც პრიორიტეტს საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭებს.
სადგურის მოედნის განახლებასთან დაკავშირებით, დანიური კომპანიის Ramboll-ს მიერ შემუშავებულ ტრანსპორტის გეგმაშიც არის საუბარი. ამ გეგმის თანახმად, რეკომენდირებულია ტერიტორიაზე მოეწყოს ახალი გადასასვლელი, საჯარო სივრცე, ასევე ველო და ფეხით მოსიარულეებისთვის უსაფრთხო გარემო.
„სადგურის მოედანი ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია თბილისში, რომელიც მეტროს, რკინიგზას, საქალაქო და საქალაქთაშორისო ავტობუსებს აკავშირებს. თუმცა, არსებული სივრცე უსისტემოდ გამოიყენება, რაც ხერგილებს, რთულ სატრანსპორტო კვანძებსა და ქვეითებისთვის სახიფათო გარემოს იწვევს. გარდა ამისა, სადგურის მოედნის წინ მდებარე ფართო ტერიტორიაზე ბრუტალისტური ბეტონის დიზაინია.
ავტობუსების, ტაქსებისა და სხვა ავტომობილების ქაოტური მოძრაობა ტერიტორიაზე ხშირად ქმნის საცობებს. მაღაზიები, მთავარი მოედნის ქვემოთ, მუდმივად ვანდალიზებული და მეტ-ნაკლებად მიტოვებულია.
წარმოდგენილი სქემით სადგურის მოედნის ტერიტორიის მნიშვნელოვნად განახლებული დიზაინი, კეთილმოწყობა და რეაბილიტაციაა შემოთავაზებული, შემდეგი ელემენტებით:
მოსალოდნელია, რომ ხიდი TBT (თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფანი) ქსელით მგზავრობის ხანგრძლივობას შეამოკლებს, გააუმჯობესებს ავტობუსით მგზავრობის დროს და შეამცირებს ავტობუსის ექსპლუატაციის ხარჯებს. მან ასევე შეიძლება უზრუნველყოს ახალი კავშირები ველოსიპედისტებისა და ქვეითებისთვის, რომლებმაც დღეს ან ბნელ და არაკომფორტულ საფეხმავლო ხიდს იყენებენ, ან გადასასვლელად გზას იგრძელებენ,“- ნათქვამია გეგმაში.