რა ქონებას ფლობს რკინიგზის გენერალური დირექტორი, რომელსაც დეკლარაციაში ხელფასი მითითებული არ აქვს

"საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 24 იანვარს შეავსო.

დოკუმენტის თანახმად, მის საკუთრებაშია ბინა თბილისში, რომელიც 28 000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი, 6 მიწის ნაკვეთი, თბილისსა და მარნეულში, ასევე, არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, რომლის ღირებულება 10 000 აშშ დოლარია.

მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დავით ფერაძე ასევე ფლობს ფასიან ქაღალდებს, რომელთა შორისაა Liberty Consumer (Galt & Taggart Capital)-ის, Teliani Valley-ისა და United Georgian Bank-ის აქციები.

ამასთან, "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა, Galt & Taggard-ის ანგარიშზე - 2 756,72 ლარს, „თიბისი ბანკის“ მიმდინარეზე ჯამში - 4 225,18 ლარს, საქართველოს ბანკის საბარათე ანგარიშზე - 2 325,69 ლარს, 142,7 ევროს, საკრედიტოზე - 1 463,68 ლარს, 193,36 აშშ დოლარს, მიმდინარეზე - 5 081,42 ლარს, 900 დოლარს.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, დავით ფერაძეს, საცხოვრებელი სახლის იჯარიდან 2022 წელს, მიღებული აქვს 4 400 აშშ დოლარი.

აქვე, აღსანიშნავია, რომ დავით ფერაძეს დაკავებულ თანამდებობაზე მიღებული ხელფასის ოდენობა დეკლარაციაში მითითებული არ აქვს.

რაც შეეხება დავით ფერაძის მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ ქონებას, მის საკუთრებაშია 2 მიწის ნაკვეთი თბილისში და მსუბუქი ავტომობილი, რომლის მარკა მითითებული არ არის, ხოლო ღირებულება 23 000 აშშ დოლარს შეადგენს.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის მეუღლე არის შპს ზიპლაინ კაუკასუს საქართველო-ს 40%-იანი და შპს აქტივიტის 60%-იანი წილების მფლობელი.

ცნობისთვის, დავით ფერაძე "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის პოსტს 2017 წლიდან იკავებს.

ნინი ქეთელაური