საქართველოში მსესხებლების 10,4%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან.
„კრედიტინფოს“ 2023 წლის დეკემბრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 201 047 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 383 830 -ს შეადგენს. რაც შეეხება მოცულობას, საუბარია, 2 042 932 474 ლარის ვადაგადაცილებულ კრედიტებზე.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს სტატისტიკა თვეების მიხედვით, ნელ-ნელა მცირდება. გასული წელს ვადაგადაცილებულ მსესხებელთა რაოდენობა 220 ათასის ფარგლებში მერყეობდა. შედარებისთვის, 2023 წლის აგვისტოში 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება 221 602 პირს უფიქისრდებოდა, 2023 წლის იანვარში - 224 016 პირს; 2022 წლის დეკემბერში კი - 218 410 მსესხებელს.
საერთო ჯამში, დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 928 641 ადამიანს აქვს, ჯამში 44 104 324 482 ლარის მოცულობის.
აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 82.1% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, დეკემბრის მდგომარეობით, ბანკებიდან 40 249 353 715 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 583 704 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 6.4%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 101 758-ია.
ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 751 073 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3 323 100 481 ლარს შეადგენს. ხოლო ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 118 777 მსესხებელს უფიქსირდება.
კიდევ 20 379 ადამიანს კი, ჯამში 531 870 286 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება 4 537 ადამიანს უფიქსირდება.