კარტოფილის იმპორტი 7 -წლიან მაქსიმუმზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში 23,210 ტონა (7,740 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შემოვიდა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2022 წელს იმპორტმა 11,169 ტონა (4,110 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა, 2021 წელს - 11,464 ტონა (2,589 მლნ აშშ დოლარი), 2020 წელს - 18,003 ტონა (3,565 მლნ აშშ დოლარი), 2019 წელს - 12,643 ტონა (2,439 მლნ აშშ დოლარი) და ა.შ.
რაც შეეხება ექსპორტს, საქსტატის მონაცემებით, 4,4-ჯერ არის შემცირებული. კერძოდ, 2023 წელს საქართველოდან უცხო ქვეყნებში 5,411 ტონა (1,441 მლნ აშშ დოლარი) კარტოფილი გავიდა, 2022 წელს კი - 23,650 ტონა (5,215 მლნ აშშ დოლარი).
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით, 2023 წელს 1 კგ ექსპორტირებული კარტოფილი საშუალოდ, 0,27 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო საქართველომ სხვა ქვეყნებისგან საშუალოდ, 0,33 აშშ დოლარად შეიძინა.
ამავე მონაცემების მიხედვით, იმპორტიორ ქვეყნებს შორის, 2023 წელს ლიდერობდა რუსეთი, რომელზეც მთლიანი იმპორტის 36,3% მოდის, საქართველომ რუსეთისგან 8 435 ტონა კარტოფილი - 2,271 მლნ აშშ დოლარად შეიძინა. შემდეგია ბელარუსი 34,7%-ით (8 050 ტონა - 2,177 მლნ აშშ დოლარი) და ეგვიპტე 6,9%-ით (1 606 ტონა - 608.9 ათასი აშშ დოლარი).
რაც შეეხება ექსპორტს, 2023 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი კარტოფილი გავიდა აზერბაიჯანში კერძოდ, 3 979 ტონა - 860.8 ათასი აშშ დოლარი, რაც მთლიანი ექსპორტის 73,5%-ია. მეორე ადგილზეა რუსეთი - 21,7%-ით (1 176 ტონა - 493.4 ათასი აშშ დოლარი) და სომხეთი - 2,5%-ით (135 ტონა - 44.68 ათასი აშშ დოლარი).