რა დაუჯდება მერიას ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია - ტენდერი უკვე გამოცხადდა

თბილისის მერია ნარიყალას ციხის რეაბილიტაციას იწყებს. თბილისის განვითარების ფონდმა აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი 2-წლიანია და რეაბილიტაცია 2025 წელს დასრულდება. ჯამში სამუშაოები 13 162 286 ლარი დაჯდება, კერძოდ, 2024 წელს გამოიყოფა - 5,268,648 ლარი, 2025 წელი კი 7,893,638 ლარი.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ტენდერში წინადადებების მიღება 11 თებერვალს დაიწყება და 16 თებერვალს დასრულდება. დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტმა სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 18 თვეში უნდა დაასრულოს.

nariyala111-1706614200.jpg

ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის დაწყებაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განცხადება გასული წლის მიწურულს გააკეთა. როგორც მაშინ კალაძე აცხადებდა, „პროექტი მოიცავს როგორც გარე პერიმეტრის ძირითადი კედლის საყრდენების რეაბილიტაციას, ისე შიდა პერიმეტრის კეთილმოწყობას, მოწესრიგებას და მხატვრულ-დეკორატიული მინათების მონტაჟს.

„აღნიშნულ ძეგლზე საუბარს არ დავიწყებ და არ ავხსნი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია, უამრავი ტურისტი სტუმრობს და დღეს ისეთ მდგომარეობაშია, რომ რეაბილიტაცია სჭირდება. სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე განვახორციელეთ, იწყება პროექტით გათვალისწინებული მეორე ეტაპი, რის შემდეგაც ნარიყალას ციხე განახლდება და ტერიტორია მოწესრიგდება“, - აცხადებდა კალაძე.

მაშინ ცნობილი გახდა ისიც, რომ რეაბილიტაციის პროცესში ნარიყალას ციხე ვიზიტორებისთვის სრულად არ დაიხურება. ციხის ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი სამუშაოების დროს შეიზღუდება.