რა მოგებაზე მუშაობს და როგორია თემურ ჭყონიას „კოკა კოლას“ შემოსავალი

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ 2022 წელი მოგებით დაასრულა. ამის შესახებ აღნიშნული კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა.

კერძოდ, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის წლის სრული შემოსავალი 48,139 ლარი იყო, რაც 2021 წლის მაჩვენებელს აღემატება. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 30,544 ლარი იყო.

ამასთან, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, საანგარიშო პერიოდში მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან მიღებული ამონაგები - 396,055 მლნ ლარი; რეალიზებული საქონლის თვითღირებულება - 285,203 მლნ ლარი იყო.

გარდა ამისა, როგორც კონსოლიდირებული ანგარიშგებიდან ირკვევა, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის საკუთრებაში 328,154 მლნ ლარის აქტივები იყო.

ცნობისთვის, 1996 წლის 23 აპრილს კომპანია შეზღუდული პასუხისმგებლობის (შპს) კომპანიად დარეგისტრირდა. 2016 წლის 2 დეკემბერს კი განხორციელდა მისი რესტრუქტურიზაცია და სააქციო საზოგადოებად (სს) გარდაქმნა. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანია იყო 16 ინდივიდუალური აქციონერის საკუთრება. ძირითადი აქციონერი (87.47%) და საკონტროლო პაკეტის მფლობელი არის თემურ ჭყონია. დანარჩენ აქციებს კი ფლობენ კომპანიის თანამშრომლები (8.04%) და სხვა პირები (4.49%).

რაც შეეხება ძირითად საქმიანობას, კომპანიის საქმიანობა მოიცავს კოკა-კოლას ბრენდის პროდუქციის წარმოებასა და ბოთლებში ჩამოსხმას საქართველოში სადისტრიბუციოდ და გასაყიდად. ის ფლობს და ამუშავებს ასევე სასტუმროს „ჯორჯიან პალას ჰოტელს“ ქობულეთში.

რაც შეეხება დასაქმებულებს, 2022 წლის განმავლობაში, კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში დასაქმებული იყო 356 თანამშრომელი, მათ შორის 74 ქალი და 282 კაცი. შვილობილ კომპანიებთან ერთად კი, თანამშრომელთა რიცხვმა 367 შეადგინა, მათ შორის 78 ქალი და 289 კაცი იყო.

როგორც ანგარიშგებაშია აღნიშნული, კომპანიის წლიური ბრუნვა 2022 წელს წინა წელთან შედარებით 40%-ით გაიზარდა.