ყირგიზეთი ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანს უერთდება

ყირგიზეთი ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანს (TITC) ქვეყნიდან და ჩინეთიდან ევროპაში საქონლის საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებს. ამის შესახებ ყირგიზეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაკიტ ტორობაევმა განაცხადა, რასაც სააგენტო Trend ავრცელებს.

„ეს მარშრუტი რეგიონების გაერთიანების კიდევ ერთი საფუძველი გახდება არა მხოლოდ მათი ეკონომიკური ზრდის, არამედ ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,“ - აცხადებს ტორობაევი.

მისი თქმით, ყირგიზეთი ახალი გზების მშენებლობაზე და არსებული სატრანსპორტო არტერიების მოდერნიზებაზე აქტიურად მუშაობს, რომ დიდ საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელებში ინტეგრირდეს.

„ჩვენი მიზანია, შევქმნათ მდგრადი და ეფექტური ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ყირგიზეთის ეკონომიკის განვითარებასა და ევროპა-ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას,“ - ამბობს ვიცე-პრემიერი.

მისი ცნობით, ყირგიზეთში საერთაშორისო მაგისტრალების მშენებლობა-რეაბილიტაციის ყველა სამუშაო, თითქმის, დასრულებულია. ამ პროექტების საერთო ღირებულებამ 2 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რომლის დროსაც 2 ათას კილომეტრზე მეტი გზა აშენდა და რეაბილიტირდა.

ტორობაევი ამბობს, რომ ამჟამად ყირგიზეთში ახალი აეროპორტები შენდება, ხოლო მეზობელი ქვეყნების საზღვრებზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების მოდერნიზება მიმდინარეობს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ