რა უჯდება ერთი ლიტრი საწვავი მთავრობას და ვისგან ყიდულობს

2024 წლის თებერვალში მთავრობა საწვავს იანვრის ანალოგიური ფასით შეიძენს, თუმცა დეკემბერთან შედარებით, იაფად. სახელმწიფო შესყიდვების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის თებერვალში დეკემბერთან შედარებით შესასყიდი ფასი მინიმუმ 2 თეთრით არის შემცირებული.

უფრო კონკრეტულად, კონსოლიდირებული ტენდერის თანახმად, 2024 წლის თებერვალშიც იანვრის ანალოგიურად მთავრობა ერთ ლიტრ სუპერის ტიპის ბენზინს (ოქტანობა არანაკლებ 98) მთავრობა 2,83 ლარად შეისყიდის, მაშინ როცა დეკემბერში 2,85 ლარი გადაიხადა. ტენდერში გამარჯვებული „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაა“.

რაც შეეხება საწვავის სხვა ტიპებს, კონსოლიდირებული ტენდერის მიხედვით, თებერვლის კონტრაქტითაც 1 ლიტრი პრემიუმ საწვავის ღირებულება 2,54 ლარია, დეკემბერში კი 2,56 ლარი ღირდა. აქ გამარჯვებული „რომპეტროლ საქართველოა“.

ევრორეგულარის (ოქტანობა არანაკლებ 92) ფასი არსებულ მდგომარეობაში ერთ ლიტრზე 2,52 ლარია, მაშინ როცა დეკემბერში ეს მაჩვენებელი 2,54 ლარზე იყო. ტენდერში გამარჯვებულია „სოკარ პეტროლიუმ ჯორჯია“.

რაც შეეხება ევროდიზელს, (არაუმეტეს PPM 10) მისი ფასი თებერვალში 2,74 ლარია, დეკემბერსა და იანვარში კი 2,84 ლარი იყო. აქ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სან პეტროლიუმ ჯორჯიაა“.