ვინ არის საქართველოში ფიტნეს-კლუბების ქსელის მფლობელი რუსი მეწარმე, რომელიც 2023 წლის ბიზნესგმირად დასახელდა

რუსულმა სააგენტო RBC-ეკატერინბურგმა 2023 წლის ბიზნესგმირებს შორის პირველი ადგილი ალექსეი რომანოვს მიანიჭა, რომელიც საქართველოში ფიტნეს-კლუბების ქსელ Bright Fit-ის მფლობელია.

საქართველოში მის მიერ დაფუძნებული სპორტდარბაზი Fitness One-ის სახელით არის დარეგისტრირებული. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 60% სწორედ ალექსეი რომანოვს ეკუთვნის, 40%-იანი წილის მფლობელი კი არის ნინელი ოკუნევა.

ალექსეი რომანოვმა Bright Fit-ის პირველი კლუბი საქართველოში 2022 წელს გახსნა. თუმცა, როგორც ის აცხადებს, მალევე მიხვდა, რომ შემოსავლისა და ხარჯის გაანგარიშების ფორმულები, რომლებსაც კომპანია რუსეთის ქალაქებში იყენებს, საქართველოში არ მუშაობს და განსხვავებულია.

„საქართველო თავისი თავისებურებებით გამოირჩევა. ჩვენ უფრო მეტ გადასახადს ვიხდით, რადგან ქვეყანაში ფიტნესზე დღგ არის დაწესებული. ამასთან, რუსეთთან შედარებით, 1,5-2-ჯერ მეტ კომუნალური გადასახადს ვიხდით. ასე რომ, საქართველოში საქმიანობის დაწყება ნამდვილად იყო გამოწვევა ჩვენთვის, რის შესწავლაზეც ერთი წელი დავხარჯეთ,“ - აცხადებს ალექსეი რომანოვი.

სააგენტოსთან საუბრის დროს ის დეტალებს არ ასაჯაროვებს, მაგრამ აცხადებს, რომ ყველაფერი გამოუვიდა და საქართველოში საქმე ააწყო.

რომანოვის თქმით, ამჟამად თბილისში კიდევ ორი ​​Bright Fit-ის კლუბი შენდება, ერთი კი დამატებით ბათუმში გაიხსნება.

ცნობისთვის: რუსეთში ალექსეი რომანოვმა პირველი Bright Fit ქალაქ ეკატერინბურგში, 2011 წელს გახსნა. ქსელი განვითარდა და ამჟამად რუსეთში ამ ბრენდით 32 ფიტნეს-კლუბი ფუნქციონირებს. აქედან ექვსი 2023 წელს გაიხსნა, ხოლო ქალაქების რაოდენობა, სადაც ქსელი მუშაობს, 13-დან 17-მდე გაიზარდა.

კომპანიისთვის 2022 წელი შემოსავლის 31%-იანი ზრდით დასრულდა, რასაც 10 ათასი ახალი კლიენტი, ორი ახალი საკუთარი კლუბი და კიდევ სამი ფრენჩაიზი დაემატა.

2023 წელს Bright Fit-ის შემოსავალი 38%-ით გაიზარდა და 2,2 მლრდ რუბლი (24,3 მლნ დოლარამდე) შეადგინა, ხოლო კლიენტების რაოდენობა 2022 წლის 59,5 ათასიდან შარშან 80 ათას ადამიანამდე გაიზარდა.

რომანოვი წელს ქსელის შემოსავლის 3 მლრდ რუბლამდე (33,1 მლნ დოლარამდე) გაზრდას, ხოლოს უახლოეს ორ წელიწადში კიდევ შვიდი კლუბის გახსნას გეგმავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ