მეხორბლეთა ასოციაცია შემოტანილ ფქვილზე იმპორტის გადასახადის გახანგრძლივებას ითხოვს, ფქვილის შემომტანი კომპანიების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საკითხი არასწორადაა დასმული და სინამდვილეში, ეს ყველაფერი მხოლოდ ხორბლის იმპორტიორებისთვის სასათბურე პირობების შექმნას ისახავს მიზნად.
როგორც ფქვილის იმპორტიორი თენგიზ ფაცაცია ამბობს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ფქვილის იმპორტს ხელს უშლის, რაც ფასებს მხოლოდ გააძვირებს.
ცნობისთვის, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის შემოტანილ ფქვილზე იმპორტის გადასახადის გახანგრძლივება სურს. მათი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ 2023 წლის 12 ივნისიდან -2024 წლის 1 მარტამდე იმპორტირებულ ფქვილზე დროებითი საიმპორტო საფასურის დაწესებას დადებითი ეფექტი ჰქონდა ადგილობრივ ბაზარზე. შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ დადგენილება კიდევ უნდა გაგრძელდეს.
„სად არის ეს ქართული ხორბალი და რამდენია?! ეს არის არასწორად დაყენებული საკითხი. ესენი მეხორბლეების სახელს ამოფარებული მეწისქვილეები არიან, ძირითადად. ჩემი აზრით, აქ თავში მეხორბლეები არ არიან.
იმპორტს ეს გადაწყვეტილება ძალიან უშლის ხელს. ეს ფასებს მხოლოდ გააძვირებს და არ აიაფებს. მეხორბლეები რომ სთავაზობდნენ ქვეყანას, მე მაქვს ჩემი იაფი ხორბალი და რაღა უცხო ქვეყნიდან ვზიდოთო, სხვა თემაა, მაგრამ ეს არის სასათბურე პირობების შექმნა. სხვა არაფერს ემსახურება. თუ ჩვენი ხორბალი მაინც სხვის ხორბალზე ძვირი გამოდის, მაშინ ამის აზრი რა არის ?! თუ ესენი ფასებს ვერ ქმნიან, მაშინ რისთვის კეთდება ეს ყველაფერი?!
ალბათ, ახლა იმდენს იწუწუნებენ, რომ კიდევ გაახანგრძლივებინებენ იმპორტის გადასახადის ვადას. თორემ, ხორბალი იგივე რაოდენობა რომ დარჩება, რაც გვაქვს, ეს ორჯერ-ორია“,- განაცხადა თენგიზ ფაცაციამ.