უცხოეთში ცოცხალ მსხვილფეხა პირუტყვზე მოთხოვნის ზრდის გამო საქართველოში საკმარისი რაოდენობის საქონელი აღარ არის - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ რატი კოჭლამაზაშვილმა განუცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად პირუტყვი შემოდის რუსეთიდან, ყოვნდება საქართველოში, ზრდიან და შემდეგ გადის ექსპორტზე.
„ბოლო წლების რეკორდული ზრდა გვაქვს. წლებია ცოცხალი მსხვილფეხა პირუტყვი აზერბაიჯანის და ერაყის ბაზრებზე გადის. მაგრამ გასული თვე რეკორდული იყო, იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა იყო ძალიან მაღალი, ამან გაზარდა ფასიც. შემოყავთ პირუტყვი რუსეთიდან, ხდება გარკვეული პერიოდი საქართველოში გაჩერება, გაზრდა და შემდეგ გაყვანა.
ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მოთხოვნის ამხელა ზრდა დავაკმაყოფილოთ. გასულ წელს, წინა წელთან შედარებით, 20-მილიონიანი ზრდა იყო. ამის ნახევარი ან მეტი დაკმაყოფილდა შემოყვანილით“, - ამბობს კოჭლამაზიშვილი.
როგორც ფერმერი აღნიშნავს, ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი გარკვეულწილად რეექსპორტსაც მოიცავს.
„რეექსპორტის მონაცემებში, ეს მგონი, არ ფიქსირდება, იმიტომ, რომ ხდება საქართველოში საქონლის დაყოვნება და შემდეგ გაყვანა, რაც ნიშნავს, რომ ქართული პროდუქციაა. იმავეს თუ შევადარებთ 2022 წელს, ვნახავთ, რომ დაახლოებით 10-12 მილიონია რუსეთიდან იმპორტი. მოთხოვნამ გაზარდა ფასი, რაც ფერმერებისთვის კარგი და მისაღებია, გასული წელი საკმაოდ შემოსავლიანი იყო“, - ამბობს კოჭლამაზიშვილი.
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოდან 79,610 მლნ დოლარის ღირებულების ცოცხალი მსხვილფეხა პირუტყვი გავიდა, რაც ბოლო 15 წლის რეკორდული მაჩვენებელია. 2023 წელს საქონლის ექსპორტი განხორციელდა შემდეგ ქვეყნებში:
რაც შეეხება იმპორტს, გასულ წელს საქართველომ 25,177 მლნ დოლარის ღირებულების მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი შეიძინა. ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა რუსეთიდან - 10,814 მლნ დოლარის ღირებულების, მეორე ადგილზეა დანია - 5,408 მლნ დოლარით, სამეულშია ლატვია - 2,886 მლნ დოლარის ღირებულების პირუტყვის იმპორტით.