თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვების დარღვევისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმდებიან, ხოლო განმეორებით და ყოველ შემდგომ შემთხვევაზე - 3000 ლარით.
მერიის ცნობით, შეზღუდვა დაწესდა M3 (ავტობუსი, 5 ტონაზე მეტი), N2 (სატვირთო, 3.5-დან 12 ტონამდე) და N3 (სატვირთო, 12 ტონაზე მეტი) კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის 08:00-11:00 და 17:00-20:00 საათების შუალედში.
აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში ტრანსპორტის დიდი ნაკადებია. კერძოდ, ქეთევან დედოფლის გამზირზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდისა და იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე; წერეთლის გამზირზწ, ვაკე-საბურთალოს ცენტრალურ ქუჩებზე და ა.შ. დეტალური ინფორმაცია იხილეთ რუკაზე:
გარდა ამისა, ახალი რეგულაცია არ ვრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე;
ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე; ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში; სადისტრიბუციო საქმიანობისთვის განკუთვნილ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში. ამ კატეგორიისთვის გამონაკლისი მხოლოდ 2024 წლის პირველ სექტემბრამდე იმოქმედებს.
ცნობისთვის, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, თბილისში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვები ამოქმედდა.