„საპატრულო პოლიციამ ეს ცვლილება არა საკანონმდებლო ხასიათის, არამედ შეთავაზების ფორმატში უკვე აამოქმედა“ - თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ ავარიების დროს ავტომობილის გადაადგილების უფლების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, თუ ავარიის მონაწილეები თანახმა არ არიან, რომ მოხდეს მათი სატრანსპორტო საშუალების გადაყვანა, ამას ვერავინ დააძალებს, „უნდა მივიდეს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო და გაირკვეს, რამ გამოიწვია კონკრეტული საგზაო შემთხვევა. ერთადერთი, რა დროსაც შეიძლება მოხდეს სავალი ნაწილიდან გადაყვანა, თუ ორივე მხარე ამას ფოტო-ვიდეო მასალით დააფიქსირებს და თუ არ არის მძიმე ფიზიკური დაზიანება, მათ უკვე შეუძლიათ ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანონ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ ინიციატივის შესახებ ცნობილი გასული წლის ბოლოს, თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის მიერ წლიური ანგარიშის წარდგენისას გახდა ცნობილი. როგორც მაშინ მან აღნიშნა, შესაბამის ცვლილებებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო და დედაქალაქის მერია ერთობლივად მუშაობენ.