„საჰაერო ბურთმა გაიფრინა დაახლოებით, 260 კილომეტრამდე და მანამდე რომ პრობლემა არ ყოფილიყო, ჩამოვარდნა არ მოხდებოდა, ანუ სიმაღლის დაცემა მოხდა,“ – ამის შესახებ ჟურნალ „არსენალის“ მთავარმა რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
როგორც ალადაშვილმა აღნიშნა, გამოსაკვლევია, რატომ დაკარგა სიმაღლე საჰაერო ბურთმა.
მისივე თქმით, ნებისმიერ ავიაშემთხვევას 3 მიზეზი აქვს - ეკიპაჟის შეცდომა, საფრენი აპარატის ტექნიკური პრობლემა და რთული მეტეოროლოგიური პირობები. საავიაციო შემთხვევის გამომწვევი, შესაძლოა, ზემოხსენებული ორი ან სულაც სამივე მიზეზიც კი გახდეს.
მისივე შეფასებით, რევაზ უთურგაული ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ამ საქმის პიონერი იყო საქართველოში, შესაბამისად, მფრინავებს გამოცდილება ჰქონდათ.
„ფოთის სტადიონიდან აფრინდნენ და გეზი აღმოსავლეთ საქართველოსკენ აიღეს, ეს სატესტო ფრენა უნდა ყოფილიყო, რის შემდეგაც იგივე ეკიპაჟი უკვე შორს, სარეკორდო გადაფრენას გეგმავდა. საჰაერო ბუშტის ფრენის ასეთი მარშრუტი სრულიად გასაგები გახლდათ, რადგან იმ საათებში 30-50 კმ/სთ სიჩქარის ქარი სწორედ ჩრდილო-დასავლეთის იყო, რომელსაც ეს საჰაერო ბუშტი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ უნდა გამოეფრინა.
ასეც მოხდა, ბაკურიანის თავზე, შედარებით დაბალ სიმაღლეზე დაფიქსირებული იქნა ეს საჰაერო ბუშტი, რის შემდეგაც ეტყობა მალევე მოხდა კატასტროფა - საჰაერო ბუშტმა სიმაღლე დაკარგა, დაბლა ჩამოეშვა და წამოედო მაღალი ძაბვის სადენებს ასურეთთან.
ასურეთი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ზღვის დონიდან 760-800 მეტრზეა, რაც გადაულახავ სიმაღლეს არ წარმოადგენს, რაც აჩენს ეჭვს, რომ საჰაერო ბურთს უფრო რაიმე ტექნიკური პრობლემა გაუჩნდა, რამაც მას ფრენის სიმაღლე ასე კატასტროფულად დააკარგვინა,“- აცხადებს ალადაშვილი.
ამასთან, როგორც ალადაშვილი აცხადებს, საჰაერო ბურთს, იგივე აეროსტატს არ აქვს ძრავა, რომ იმართოს, მიმართულებას ვერ მისცემ, ის არის მინდობილი ქარს.
„სავარაუდოა, რომ მოხდა რაღაც პრობლემა, რის გამოც აეროსტატმა სიმაღლე დაკარგა და მისი მართვა შეუძლებელი გახდა. ეს, რა თქმა უნდა, გამოძიებით უნდა დადგინდეს.
რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ არ გადმოხტნენ საჰაერო ბურთიდან, ამას ვერ გეტყვით. როგორც მივხვდი, თვითონ ბორტზეც ხდებოდა გადაღება. ამასთან, ეს არის თანამედროვე საჰაერო ბურთი მსოფლიოში და წესით, უნდა ჰქონდეს ელექტრონული ხელსაწყოები და ვიდეო კადრებიც, თუ იმ საშინელ ხანძარს გადაურჩა,“- განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.
მისივე ცნობით, კატასტროფაგანცდილი საჰაერო ბუშტი-აეროსტატი Cameron Z-315-ის ტიპის იყო, ის 2022 წელს იყო გამოშვებული და ეკუთვნოდა პირადად რევაზ უთურგაურს. მისი კომპანიის შპს Sky Travel-ის ბალანსზე კიდევ სამი საჰაერო ბუშტი-აეროსტატი ირიცხება.