აზერბაიჯან-საქართველოს სახელმწიფო საზღვრამდე ბაქო-ალიათ-ღაზახის 130-კილომეტრიანი გზის განჯა-ღაზახის მონაკვეთზე მაგისტრალის 4 ზოლამდე გაფართოების პროექტი სრულდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის საავტომობილო გზების სახელმწიფო სააგენტოს განცხადებაში წერია, რასაც Trend ავრცელებს.
უწყების ცნობით, მაგისტრალი, განჯა-ღაზახი-საქართველოს საზღვარი, რომელიც „აბრეშუმის გზის“ განუყოფელი ნაწილია, 27,5 მეტრამდე გაფართოვდა, ხოლო გზის საფარი 4-6 ზოლისგან შედგება, რომელთაგან თითოეულის სიგანე 3,75 მეტრია.
საავტომობილო გზის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები სამ ლოტად მიმდინარეობს. კერძოდ, პირველ და მეორე ლოტზე, ასევე, მესამე ლოტის ნაწილზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია, ხოლო 2023 წლის 7 აგვისტოს 102 კმ საერთო სიგრძის განჯა-ღაზახბეილის მონაკვეთი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევმა გახსნა.
ამ მონაკვეთზე 1b ტექნიკური კლასის გზის რეკონსტრუქცია ჩატარდა, რაც აზერბაიჯანის რეგიონების სოციალური და ეკონომიკური განვითარების 2019-2023 წლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. სულ 67 მიწისქვეშა გადასასვლელი, 19 საგზაო კვანძი და 17 ხიდი გაკეთდა.
ამჟამად სამშენებლო სამუშაოები ღაზახბეილი-საქართველოს საზღვრამდე საავტომობილო გზის 28-კილომეტრიან მონაკვეთზე, ანუ პროექტის 102,2-130,15 კმ-ზე გრძელდება. მიმდინარეობს ახალი ნიადაგის დაგება, ასევე, წყალსადენების, მიწისქვეშა გადასასვლელებისა და ხიდების მშენებლობა. პარალელურად მიმდინარეობს სამუშაოები ნატეხი ქვის საძირკვლისა და ასფალტობეტოვანი საფარის მოწყობაზე.
პროექტის მიხედვით, საჭირო ადგილებზე ავტობუსის 28 გაჩერება დამონტაჟდება.
„მთავარი მაგისტრალი, ბაქო-ღაზახი-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი აზერბაიჯანის გავლით გამავალი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპასა და აზიას შორის როგორც საერთაშორისო, ისე შიდა საავტომობილო ტრანსპორტირების გაზრდაში,“ - წერია განცხადებაში.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ