საქართველოში კოსმეტიკურ სფეროს მაკონტროლებელი ორგანო არ ჰყავს - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელმა, ვახტანგ კობალაძემ განუცხადა.
როგორც კობალაძე აღნიშნავს, 2019 წელს შემოწმდა 35 ნიმუში, საიდანაც 5 ნიმუშში ევროკავშირის სტანდარტით აკრძალული პარაბენები აღმოჩნდა.
„ჩვენ გვაქვს ნიმუშები გამოკვლეული კოსმეტიკის და პარფიუმერიის 2019-2021 წლებში. მასალა შევამოწმეთ ევროკავშირში მოქმედი ნორმების მიხედვით. ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა იყო 2019 წლის სექტემბერში, როდესაც შევამოწმეთ 35 ნიმუში და აქედან 5 ნიმუშში აღმოჩნდა ევროკავშირში აკრძალული პარაბენები“, - ამბობს კობალაძე.
მისივე თქმით, საქართველოში არსებული რეგულირების ნორმა არის მოძველებული. კერძოდ, დღეს ჩვენთან მოქმედებს 2001 წელს მიღებული „პირის ღრუს ჰიგიენური საშუალებებისა და პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის წარმოების, ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” კანონი.
„გასათვალისწინებელია ის, რომ ჩვენთან რა ნორმაც მოქმედებს, არის ძალიან მოძველებული. თუ არ ვცდები 2001 წელს მიღებული რეგულაცია მოქმედებს“, - დასძინა მან.
რაც შეეხება მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც 2024 წელს კოსმეტიკური საშუალებების რეგულირების კანონპროექტის შეტანის პროცედურები დაიწყება, კობალაძე ამბობს, რომ „ინფორმაცია არ აქვს“.
„მე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს კოსმეტიკაზე ახლა კონკრეტულად თუ არის რამე დაგეგმილი, ჩვენ გავაგზავნეთ წერილი ამის თაობაზე და ჯერ პასუხი არ მიგვიღია. ახლა მიმდინარეობს ქიმიური ნივთიერებების შესახებ კანონზე მუშაობა, მაგრამ ეს ქიმიური ნივთიერებების კანონი მოიცავს კოსმეტიკურ საშუალებებს თუ არა, ეს ჩემთვის ბოლომდე გასაგები არ იყო იმ კანონპროექტიდან, რომელიც წავიკითხე. გამონაკლისებში ეწერა კოსმეტიკური საშუალებები, მაგრამ ყველაფერზე გავრცელდება, თუ ნაწილობრივ ეს გაუგებარია, - ამბობს კობალაძე.
რესპონდენტი საუბრობს იმ ნაბიჯებზეც, რომელიც კოსმეტიკური სფეროს რეგულირებისთვის უნდა გადაიდგას. მისივე თქმით, ახალი ველოსიპედის გამოგონება არ გვჭირდება, არსებობს ევროკავშირის სტანდარტები და ეს სტანდარტები უნდა დაინერგოს საქართველოშიც.
„ჩვენ არ გვჭირდება ველოსიპედის გამოგონება, ევროკავშირში არსებობს ნორმები კოსმეტიკასთან დაკავშირებით, რა ნივთიერებები შეიძლება იყოს დაშვებული, რა არ შეიძლება, რა რაოდენობით, ლიმიტები და ა.შ. ჩვენ ეს უნდა გადმოვიღოთ და გავხადოთ ჩვენთან აუცილებელი. უნდა არსებობდეს შესაბამისი უწყება, რომელიც ამას გააკონტროლებს, როგორც ეს ხდება ევროკავშირსა და კიდევ ბევრ ქვეყანაში“, - განაცხადა ვახტანგ კობალაძემ.