მაღაზიებში იმპორტირებული ფისტა 1400% ფასნამატით იყიდება

იმპორტირებული ფისტა ქსელურ მარკეტებში, დაახლოებით, 1400%-იანი ფასნამატით იყიდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველომ 1 709 ტონა ფისტა 3,299 მლნ აშშ დოლარად შეიძინა. გამოდის, 1 კგ იმპორტირებული ფისტის ღირებულება (გადასახადის გარეშე) საშუალოდ, 1,9 აშშ დოლარია, ეროვნული ბანკის კურსით, დაახლოებით, 5,1 ლარი.

იქიდან გამომდინარე, რომ ქსელურ მარკეტებში იმპორტირებული 1 კგ ფისტა, საშუალოდ 76-დან 80 ლარამდე ღირს, გამოდის, პროდუქტი საშუალოდ, 1400%-იან ფასნამატით იყიდება.

ამავე მონაცემების მიხედვით, 2023 წელს საქართველოსთვის ფისტის მთავარი იმპორტიორი თურქეთი იყო, საიდანაც 1 053 ტონა (1,746 მლნ აშშ დოლარი) ფისტა შემოვიდა, მას მოსდევს აშშ - 634,03 ტონით (1,503 მლნ აშშ დოლარი) და საბერძნეთი - 22 ტონით (46.2 ათასი აშშ დოლარი).

რაც შეეხება ექსპორტის სტატისტიკას, 2023 წელს შემცირებულია. კერძოდ, გასულ წელს ქვეყანამ, 19,05 ტონა პროდუქტის ექსპორტი განახორციელა, 2022 წელს 22 ტონის, 2021 წელს არ გასულა, 2020 წელს - 24,78 ტონის, 2019 წელს კი - 327.95 ტონის.

ამასთან, 2023 წელს საქართველოდან ფისტა მხოლოდ ყაზახეთში გავიდა. ექსპორტის მაჩვენებლების მიხედვით, კი ქვეყანამ 19 ტონა ფისტიდან 161.9 ათასი აშშ დოლარი შემოსავალი მიიღო. გამოდის, 1 კგ ექსპორტირებული ფისტის ღირებულება საშუალოდ, 8,5 დოლარია.

ნინი ქეთელაური