„ნებისმიერი შეზღუდვა დააზარალებს მოსახლეობას“ - როგორ შეიძლება მოგვარდეს უკონტროლო კრიპტო მაინინგი საქართველოში

საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მაინინგის საკითხი ამ დრომდე მწვავე პრობლემად რჩება, რომელიც აუცილებელ გადაჭრას მოითხოვს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, „კრიპტო ბაზრის“ დამფუძნებელი, ავთანდილ კუჭავა ამბობს, რომ ნებისმიერი რეგულაცია მაღალმთიან რეგიონებზე, იმ ხალხს დააზარალებს, რომლებიც ელექტროენერგიას მაინინგის გამო ვერ იღებენ.

„ნებისმიერი რეგულაცია მაღალმთიან რეგიონებზე დააზარალებს იმ ხალხს, რომელიც ელექტროენერგიას ვერ იღებს მაინინგის გამო. რეგულაციები მაინერებს ხელს არ შეუშლის, ვინაიდან ისინი შეძლებენ მათთან მორგებას და ადგილი ექნება კიდევ უფრო მეტ მონოპოლიზაციას. ამიტომ, მაღალმთიან დასახლებებში ელექტროენერგიის მიწოდების მოგვარების საკითხი მაინინგის აკრძალვასა და შეზღუდვაში არ არის“, - განაცხადა ავთანდილ კუჭავამ.

ამის გარდა, კრიპტო ექსპერტი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ გამოსავალი ხელისუფლებამ თავად მაინერებთან მოლაპარაკებაში უნდა ეძებოს, დაუწესოს მათ დაბალი გადასახადი, ხოლო მაინერებმა თავად დაიწყონ ელექტროენერგიის ნაწილში ინფრასტრუქტურის განვითარება.

„ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ მოელაპარაკოს მთავრობა მაინერებს და თუნდაც დაუწესოს მათ დაბალი გადასახადი, ამის შედეგად, ზოგი მაინერი თავისი ნებით წამოვა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მაინერებმა თავად ჩადონ ინვესტიციები ელექტროენერგიის ნაწილში, რაც მათ სოციალურ პასუხისმგებლობას გაზრდის და მეორე მხრივ, ისინი არ დაზარალდებიან. ეს ქმედებები გაზრდის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს. ასე რომ, კარგი იქნება, თუ დაიწყება მედიაცია მაინერებს და მთავრობას შორის, საბოლოოდ კი ნაპოვნი იქნას შუალედური გამოსავალი.“, - აღნიშნავს ავთანდილ კუჭავა „ბიზნესპრესნიუსთან“.

ბაჩანა ტყემალაძე