ნავთობზე დღიური გლობალური მოთხოვნა წელს 2,25 მილიონი ბარელით, ხოლო მომავალ წელს დღეში 1,85 მილიონი ბარელით გაიზრდება. ამის შესახებ OPEC-ის ყოველთვიურ ანგარიშში წერია.
ამასთან, ორგანიზაციამ ძალაში დატოვა მოთხოვნის წლევანდელი ზრდის შეფასება, რომელიც ჯერ კიდევ 2023 წლის ივლისის ანგარიშში ჩაიწერა. ასევე, უცვლელი დარჩა 2025 წლის პროგნოზი, რომელიც გასულ თვეში გამოქვეყნდა.
ანალიტიკოსებმა 2023 წლის დღიური მოთხოვნის შეფასება 50 ათასი ბარელით, 102,16 მლნ ბარელამდე გაზარდეს, ხოლო 2024 და 2025 წლისთვის მოთხოვნა სათითაოდ 40 ათასი ბარელით გაიზრდება და წელს დღეში 104, 4 მლნ ბარელს, მომავალ წელს კი 106,25 მლნ ბარელს მიაღწევს.
ნავთობზე მიმდინარე წლის პირველი კვარტლის დღიურ მოთხოვნაზე შეფასება 103,32 მლნ ბარელამდე შენარჩუნდა, მეორე და მესამე კვარტალში 10 ათასი ბარელით, 103,91 მლნ ბარელამდე შემცირდა, მეოთხე კვარტალში კი დღეში 180 ათასი ბარელით, 105,47 მლნ ბარელამდე მკვეთრად გაიზარდა.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ნავთობის მოთხოვნის პროგნოზი 2023 წელს დღეში 10 ათასი ბარელით, 46,03 მლნ ბარელამდე გაიზარდა, რაც, წინა წელთან შედარებით, 260 ათასი ბარელით მეტია. ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნებია: ავსტრალია, ავსტრია, ახალი ზელანდია, აშშ, ბელგია, გერმანია, დანია, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი, იაპონია, ირლანდია, ისლანდია, იტალია, კანადა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია, ჩილე, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ისრაელი, კორეა, მექსიკა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და თურქეთი.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის არაწევრ ქვეყნებში დღიური მოთხოვნის პროგნოზი წელს ანალოგიური 30 ათასი ბარელით, 58,37 მლნ ბარელამდე გაიზარდა. წინა წელთან შედარებით დღიური ზრდა, თითქმის, 2 მილიონ ბარელს შეადგენს. ზრდაში ყველაზე მეტი წილი აზიის ქვეყნებზე მოდის. კერძოდ, ჩინეთში ნავთობზე მოთხოვნა დღეში 630 ათასი ბარელით, 16,82 მლნ ბარელამდე, ხოლო ინდოეთში დღეში 220 ათასი ბარელით, 5,56 მლნ ბარელამდე გაიზრდება. აზიის სხვა ქვეყნებში მოხმარება დღეში 310 ათასი ბარელით, 9,59 მლნ ბარელამდე გაიზრდება. რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, იქ ნავთობზე მოთხოვნის საერთო ზრდა დღეში 380 ათასი ბარელით, 9,01 მლნ ბარელამდე არის მოსალოდნელი.
ანალიტიკოსები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ წელს ნავთობზე მოთხოვნის ზრდას საჰაერო და საავტომობილო ტრანსპორტირებაზე მოთხოვნას, ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის არაწევრ ქვეყნებში ნავთობქიმიურ, აგროინდუსტრიულ, ფარმაცევტულ და სამშენებლო სექტორებში საწარმოო ზრდა განაპირობებს.
2023 წლის დეკემბრის წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ნავთობის მთლიანი კომერციული მარაგი ყოველთვიურად 22,6 მილიონი ბარელით, 2,767 მილიარდ ბარელამდე შემცირდა, რაც 159 მილიონ ბარელით ნაკლებია 2015-2019 წლების საშუალო მაჩვენებელზე.
კერძოდ, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მარაგი სათითაოდ 11,3 მლნ ბარელით შემცირდა, რის შედეგადაც ნავთობმარაგმა 1,342 მლრდ ბარელი, ხოლო ნავთობპროდუქტების მარაგმა 1,425 მლრდ ბარელი შეადგინა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ