სად გადავა გმირთა მოედნიდან ბენზინგასამართი სადგურები - „ვისოლის“ შემთხვევაში თვისობრივად იცვლება მიწის ნაკვეთის ფუნქცია

გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან ბენზინგასამართ სადგურებს აიღებენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სატრანსპორტო კვანძის შესწავლამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ იქ არსებული ობიექტების გადატანა და კიდევ ერთი, დამატებითი ზოლის მოწყობა აუცილებელია.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ განმარტა, საუბარია, "ვისოლის", "გალფისა" და "ლუკოილის" ბენზინგასამართ სადგურებზე, რომელთა ადგილმონაცვლეობა ე.წ გლდანის ხიდებისა და ლისის ტბის მიმდებარედ მოხდება.

თუმცა, კონკრეტულად, „ვისოლის“ შემთხვევაში, თვისობრივად იცვლება მიწის ნაკვეთის ფუნქცია, უფრო დიდ ფართობზეა საუბარი, შესაბამისად, ირაკლი თავართქილაძის თქმით, კომპანია ამ თანხის სხვაობას თავად დაფარავს.

„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოხდა შეთანხმება სამივე კომპანიასთან, ესენი არიან "ვისოლი", "ლუკოილი" და "გალფი". "ვისოლის" შემთხვევაში სამონაცვლეო მიწის ნაკვეთი მდებარეობს ლისის ტბის მიმდებარედ, ხოლო "გალფისა" და "ლუკოილის" შემთხვევაში, ადგილმონაცვლეობა ხდება ე.წ გლდანის ხის მიმდებარედ. ამ ორი უკანასკნელის შემთხვევაში მოხდება ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა, ხოლო "ვისოლის" შემთხვევაში თვისობრივად იცვლება მიწის ნაკვეთის ფუნქცია, აქ იყო ავტოგასამართი სადგური და ხდება კერძო სახლების განაშენიანების მიწის ნაკვეთის გადაცემა. ამ შემთხვევაში გაზრდილია ფართობი, თუ არ ვცდები, არის ჰექტარი, ამ მიწის ღირებულება უფრო მეტია, შესაბამისად, ფასთა განსხვავებას დაფარავს“,- განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ.

ნინი ქეთელაური