„ოქროს“ თაიგული მხოლოდ რუსებისთვის - აფხაზეთიდან მიმოზას ექსპორტი დაიწყო

ციტრუსის ამოწურვის შემდეგ რუსებმა აფხაზეთიდან ყვავილის გატანა დაიწყეს. კერძოდ, აფხაზეთიდან რუსეთში მიმოზის პირველი პარტიის ექსპორტი დაიწყო. ინფორმაციას რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის სამხრეთ საბაჟო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საბაჟოს ცნობით, პირველი დეკლარაცია 150 კგ ყვავილზე იქნა წარდგენილი, ხოლო 1-დან 8 თებერვლის ჩათვლით აფხაზეთიდან რუსეთში ორი მიწოდებით 395 კგ მიმოზა იქნა ექსპორტირებული.

თუმცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში რუსეთში, თითქმის, 6-ჯერ მეტი მიმოზა გავიდა, რამაც 6 მიწოდებით 2 335 კგ შეადგინა.

მთლიანობაში, 2023 წელს აფხაზეთიდან რუსეთში რეკორდული, 200 ტონა „ოქროს“ თაიგული გავიდა. საშუალოდ, სეზონზე ექსპორტზე, დაახლოებით, 150 ტონა მიმოზა გადის.

აფხაზეთში ყვავილების სეზონი თბილი ამინდების გამო შარშანდელივით ადრე, თებერვლის დასაწყისში დაიწყო, მაშინ, როცა წინა წლებში ყვავილების ექსპორტი თვის შუა რიცხვებიდან იწყებოდა.

წელს მიმოზას ძირითადი მიწოდება თებერვლის ბოლოდან მარტის პირველ ნახევარში არის მოსალოდნელი. ყვავილი რუსეთში როგორც კომერციული რაოდენობით, ასევე, პატარა თაიგულებით პირადი მოხმარებისთვის შედის.

სათუთ და მყიფე ყვავილებს კომერციული ფორმის შენარჩუნებისთვის ტრანსპორტირების განსაკუთრებული პირობები სჭირდება. კერძოდ, მიმოზა ყუთებში ჰერმეტულად იფუთება და დაბალი ტემპერატურის პირობებში ტრანსპორტირდება.

ყვავილების ტვირთი საბაჟო კონტროლს პრიორიტეტული წესით უმოკლეს დროში გადის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ