გორის რაიონ სოფელ მეჯვრისხევში, ადგილობრივი მებაღე, ტარიელ გურგენიძე 160 სახეობის ვარდის 4 000-მდე ძირს ფლობს. საქმიანობა, რომელიც მისთვის თავდაპირველად ჰობი იყო, დროთა განმავლობაში შემოსავლის წყაროდ იქცა.
„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მან აღნიშნა, რომ ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ თუ მასთან მისულ ადამიანს ვარდის ძირის ფასი ეძვირება, ის მას უსასყიდლოდ გადასცემს.
„ვარდების დაკალმება და დაფესვიანება ჩემი ფერმერული საქმიანობის მეორე მთავარი მიმართულებაა. ეს არის ძალიან წარმატებული საქმიანობა და ახლავე გეტყვით რატომ: ზოგადად, ვარდის ძირები ძირითადად გამოჰყავთ კონტეინერებში. იმისათვის, რომ ამ გზით ვარდი გამოიყვანო, იქ უნდა ჩაყარო ტორფი და მინერალებით გამდიდრებული სასუქები. ამას იყენებს ყველა და 100 ჩაგდებული კალმიდან ასივე ხარობს.
თუმცა პრობლემა ამის მერე იწყება - როგორც კი ასეთი გზით გახარებულ ვარდს შეიძენთ და შემდეგ თქვენს ეზოში გადარგავთ, ის იმდენად არის განებივრებული მინერალური სასუქებით, რომ ვეღარ ეგუება მძიმე მიწას და აბსოლუტური უმეტესობა ხმება. მე ვარდები პირდაპირ ღია გრუნტში მომყავს“ - ყვება ტარიელ გურგენიძე.
მისი თქმით, იმისათვის, რომ ამ საქმემ გაამართლოს, საჭიროა, რომ მომხმარებელს მუდმივად სიახლე შესთავაზო. „წარმატების განატია ის, რომ მუდმივად რაღაც ახალი შესთავაზო მომხმარებელს. ამიტომ ვცდილობ, რომ ყოველწლიურად ჩემი მეურნეობა ახალი ჯიშებით გავამრავალფეროვნო. 20 წელზე მეტია ჩემი შვილი საფრანგეთში ცხოვრობს, სადაც წელიწადში რამდენჯერმე მიწევს წასვლა, სწორედ იქ ვყიდულობ ისეთ ჯიშებს, რომლებიც ჩემს მეურნეობას ახალ სიცოცხლეს სძენს“, - ყვება ფერმერი.
როგორც ტარიელ გურგენიძე ამბობს, "საკოლექციო ტიპის ვარდების ძირის ფასი 20 ლარია, მაგრამ მაქვს უფრო ფართოდ გავრცელებული ვარდის ჯიშებიც და მათი ფასი 10 ლარია, მაგრამ თუ შევამჩნევ, რომ ეს ფასიც ეძვირებათ, უსასყიდლოდ ვჩუქნი“, - აცხადებს იგი.
„ამ ეტაპზე 4 000 ძირი 160 სახეობის ვარდი მაქვს, თუმცა წლების წინ 200 ძირით დავიწყე“ - მისი თქმით, დღესდღეობით თითქმის ყველა რეგიონიდან ჰყავს კლიენტები, მათ შორის გალიდან და სოხუმიდანაც კი.