მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საქართველოს სტატისტიკის სისტემა მსოფლიოში მე-16 ადგილზეა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, რომელიც 2022 წელს ეხება, სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების მიხედვით მსოფლიოში პირველ სამეულს - ფინეთი, ნორვეგია და კანადა იკავებდა, რომელთა სტატისტიკის სისტემაც 100-დან 93 ქულით შეფასდა.
რაც შეეხება საქართველოს, რეიტინგში მე-16 ადგილზე 90,7 ქულით მოხვდა და ევროკავშირის 15 ქვეყანას (ავსტრია, ესტონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, ბელგია, ლატვია, საბერძნეთი, ლიეტუვა, უნგრეთი, ლუქსემბურგი, კვიპროსი, რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატია და მალტა) უსწრებს. ამასთან, მონაცემების მიხედვით, საქართველო ევროპის საუკეთესო ქვეყნების ოცეულში მე-14 ადგილს იკავებს, ხოლო რეგიონში ლიდერობს და პირველ ადგილზეა.
იმავე ანგარიშის თანახმად, საქართველო ასევე უსწრებს ისეთ განვითარებულ ქვეყნებს, როგორიცაა შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, იაპონია, სინგაპური, ავსტრალია, ახალი ზელანდია, კორეის რესპუბლიკა, ისლანდია და ისრაელი.
მსოფლიო ბანკის შეფასება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ხორციელდება, რომელიც 5 მიმართულებას, 22 განზომილებასა და 50-ზე მეტ ინდიკატორს აერთიანებს. შეფასება ეფუძნება ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა მომხმარებელთა საჭიროებებზე ორიენტირებული მონაცემები, მათი დისაგრეგაციის დონე და ხარისხი, სტატისტიკური სერვისები და მისი გამოყენება, მონაცემებზე ხელმისაწვდომობა, წყაროები, კანონმდებლობა, ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა, საერთაშორისო თანამშრომლობა და სხვა.
მსოფლიოს ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების შესაფასებლად, მსოფლიო ბანკი ყოველწლიურად სტატისტიკური ეფექტურობის ინდიკატორებს (Statistical Performance Indicators – SPI) ანგარიშობს. აღნიშნული მაჩვენებლები წარმოადგენენ ქვეყანაში არსებული სტატისტიკის სისტემის ეფექტიანობის შეფასებისა და მისი შემდგომი გაუმჯობესების შესაძლებლობას.
ცნობისთვის, მსოფლიო ბანკი, ქვეყნების სტატისტიკის სისტემების შეფასებას, აღნიშნული ინდიკატორების მიხედვით 2016 წლიდან ახორციელებს.