თვითმმართველი ქალაქებისთვის (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი) ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება გაძვირდა.. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორმა, რევაზ გერაძემ განუცხადა, ცვლილება ძირითადად მსხვილ მომხმარებლებს შეეხო.
„ცვლილება ყველა კატეგორიის მომხმარებელს შეეხო, თუმცა ძირითადად მსხვილი მომხმარებლებისთვის გაძვირდა. მცირე დიამეტრით მიერთებულ მომხმარებელზე კი ეს გადაწყვეტილება ნაკლებად მოქმედებს“, - განაცხადა რევაზ გერაძემ.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი განპირობებული იყო კომპანიის მიერ ფაქტობრივი ხარჯების ზრდით. კომისიამ, რომელიც ამ ხარჯებს რეგულარულად ითვლის, დაასკვნა, რომ ფაქტობრივი ხარჯები მომატებულია, ამიტომ თვითმმართველ ქალაქებში ახალ აბონენტად დარეგისტრირების გაძვირება გარდაუვალი გახდა.
ცნობისათვის, წყლის ახალ აბონენტად რეგისტრაცია თვითმმართველ ქალაქებში 500 ლარი ღირდა, წყალარინების საფასური კი 1000 ლარი იყო. ცვლილების შედეგად კი წყალზე მიერთების საფასური 2 500 ლარამდე გაიზარდა. ეს თანხა მაღალი დიამეტრით მიერთებული აბონენტებისთვის მოქმედებს.
ცვლილება შემდეგ კომპანიებს შეეხო: შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომრაგების კომპანია" და შპს "ბათუმისწყალი".