2024 წლის იანვარში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი თითქმის 10%-ითაა გაზრდილი. ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, 2024 წლის იანვარში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 13 220 912 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 12 041 350 ლარი.
შესაბამისად, 2024 წლის იანვარში ბიუჯეტში გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,8-ით გაიზარდა.
არსებული ფინანსური მაჩვენებლებიდან გამომდინარეობს, რომ 2024 წლის იანვარში საქართველოს დერეფანი 37 774 სატვირთომ გადაკვეთა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 34 403-მა ტრაილერმა.
ცნობისათვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.
რაც შეეხება 2023 წლის სრულ მონაცემებს, შარშან ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 181 998 905 ლარი შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წელს საქართველოს საზღვარი 520 000-მდე სატვირთომ გადაკვეთა.