თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედოვნებს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის (ბთყ) სარკინიგზო მაგისტრალი მოდერნიზაციის შემდეგ სრული მასშტაბით მალე ამოქმედდება.
„პროცესებმა, როგორიც არის კორონავირუსული პანდემია და უკრაინის ომი და რომლებიც გავლენას ახდენს გეოპოლიტიკურ წესრიგზე, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ შუა დერეფანი საიმედო მარშრუტია. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი, რომელიც 2017 წელს გაიხსნა, შუა დერეფნის სტრატეგიულ ეტაპად გადაიქცა,“ - აცხადებს ერდოღანი.
თურქეთის პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ ხაზზე სამუშაოების სწრაფად დასრულება და მისი ამოქმედება „საერთო სარგებელს მოემსახურება.“
„რემონტისთვის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის დაუგეგმავი გაჩერების გამო ტვირთის გადამზიდავები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ზოგადად, სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ჩაკეტილი რჩება, საერთაშორისო დონეზე მიმზიდველობას კარგავს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე იქნეს უზრუნველყოფილი თავისუფალი სახმელეთო სატრანზიტო გადაზიდვები,“ - ამბობს თურქეთის პრეზიდენტი.
ამჟამად საქართველოს მონაკვეთის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო საქართველოს სამთავრობო პროგრამით, ბთყ-ის რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი წელს უნდა დასრულდეს.
მოელიან, რომ ბთყ-ის ქართული მონაკვეთის მოდერნიზების შემდეგ სარკინიგზო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვა წელიწადში 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ამჟამად ბთყ-ის რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის მაქსიმალური სიმძლავრე წელიწადში 1 მილიონი ტონაა.
ბთყ-ის ქართული მონაკვეთის გაფართოების პროექტში 100 მლნ დოლარზე მეტ ინვესტიცია აზერბაიჯანმა განახორციელა.
ბთყ-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში 98 კმ სიგრძის ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა აშენდა, საიდანაც 68 კმ თურქეთის, 30 კმ კი საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, პროექტის ფარგლებში ახალქალაქი-თბილისის 183-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. მაგისტრალის ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც 775 მლნ დოლარის ოდენობით საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი მისცა.
ბთყ-ის რკინიზის მთლიანი სიგრძე 826 კმ-ია.
ექსპლუატაციაში შესვლიდან, ანუ 2017-დან 2023 წლის სექტემბრამდე ბთყ-ის რკინიგზით 1,470 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა. 2017-დან 2022 წლის ჩათვლით ტვირთის გადაზიდვების მთლიანმა მოცულობამ 1 347 585 ტონა შეადგინა, ხოლო მხოლოდ 2022 წელს ბთყ-ის სარკინიგზო ხაზით 432 284 ტონა ტვირთი გადაიზიდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ