„ხელახლა მოხდება ავტომობილის ინსპექტირება“- როგორ შემოწმდებიან ცენტრები დარღვევებზე

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას, ტექნიკური რეგლამენტის დარღვევაზე ჯარიმები წესდება.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების შემოწმებისას პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრმა ხარვეზები არ დააფიქსირა, სახიფათო დარღვევის შემთხვევაში - 5000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, მნიშვნელოვანი - 2000 ლარით, უმნიშვნელო - 500 ლარით.

ამასთან, ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დაევალება.

კონკრეტულად როგორ მოხდება ცენტრების შემოწმება - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარეს გიორგი შიოლაშვილს ესაუბრა.

მისი თქმით, ცენტრები სისტემატური ვიდეო მონიტორინგის ქვეშ იქნებიან, გარდა ამისა, სპეციალური ჯგუფები, ტექინსპექტირების ცენტრების მიერ შემოწმებულ ავტომობილებს მეორედ გადაამოწმებენ, ხარვეზის დაუფიქსირებლობის შემთხვევაში კი, შესაბამის ჯარიმებს გამოწერენ.

„ტექნიკურ რეგლამენტში გაწერილია სხვადასხვა სახის ხარვეზი, რომელიც შეიძლება დაუფიქსირდეს ავტომობილის მფლობელს, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესში. ხარვეზის შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლებელია ეს ხარვეზი იყოს სახიფათო, მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო.

ახალი ჩანაწერით, რომელიც კანონმდებლობაში შევიდა, თუ ინსპექტირების ცენტრს გადაამოწმებენ და მონიტორინგის დროს აღმოჩნდება, რომ მათ არ დააფიქსირეს ავტომობილზე სახიფათო ხარვეზი, ამ კონკრეტულ იურიდიულ პირს (ცენტრს) დაეკისრება 5000-ლარიანი ჯარიმა, თუ მნიშვნელოვანს არ დააფიქსირებს - 2000 ლარიანი, ხოლო უმნიშვნელოზე 500 ლარიანი.

რაც შეეხება მონიტორინგის ფორმას, უნდა შეიქმნას დამატებითი მონიტორინგის განხორციელების წესი. უშუალოდ მონიტორინგის ვალდებულება დაეკისრება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს. ჩემი ინფორმაციით, ეს უნდა იყოს ვიდეო მონიტორინგი პერმანენტულ რეჟიმში, ასევე, შესაძლებელია, მათ ადგილზე გადაამოწმონ ტექინსპექტირების ცენტრებში რომელიმე ავტომობილი, ხელახლა მოხდება ავტომობილის ინსპექტირება, შეადარებენ ინსპექტირების ორგანოში დასრულებული ინსპექტირების ანგარიშს და თუ მოხდა ისე, რომ ამ ჯგუფის მიერ გადამოწმებული ავტომობილის ინსპექტირების შედეგი არის განსხვავებული და ინსპექტირების ცენტრის მიერ არ იქნა დაფიქსირებული რაიმე სახის დარღვევები (რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ), გამოიწერება შესაბამისი ჯარიმა.

მე ვფიქრობ, ასეთ მიდგომა უზრუნველყოფს უფრო მაღალი სტანდარტის დაწესებას ტექინსპექტირების ცენტრებისთვის. მათ მოუწევთ მეტად გაამკაცრონ შიდა მონიტორინგის სისტემა, რადგან საკმაოდ მაღალი ჯარიმებია და დიდი ფინანსური ტვირთი იქნება მათთვის. შესაბამისად, უფრო მობილიზებული იქნებიან“,- ამბობს გიორგი შიოლაშვილი.

ნინი ქეთელაური