სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველაზე ძვირად ღირებული ქონება ჩაჩავას კლინიკამ იყიდა. სახელმწიფო პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ მიხედვით, 2023 წელს აუქციონზე გამოტანილ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს შორის, ყველაზე მეტი, სწორედ მან გადაიხადა.
უფრო კონკრეტულად, კლინიკამ თბილისში, გრიგოლ ფერაძის ქუჩა N4ა-ში მდებარე 6232.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 5 580 000 ლარად შეიძინა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ პროექტის ფარგლებში ყველაზე ძვირად გაყიდული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების მყიდველების შესახებ ინფორმაციას:
- თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, N91-ში არსებული 1190 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა კომპანიამ „ჯითექსი“ 4 578 500 მლნ ლარად შეიძინა.
- თბილისში, კახეთის გზატკეცილის მე-20 კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 6390.00 კვ.მ. და 1162.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - შპს ფრანკომ 2 511 000 ლარად იყიდა.
- ქუთაისში, დავით აღმაშენებლის გამზირ N21-ში/ქალაქ ქუთაისში, ლ. ასათიანის ქუჩა N2-ში მდებარე 1983.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N3 შენობა-ნაგებობები - 2 155 000 ლარად გაიყიდა. ინვესტორი შპს პრემიუმ კონსტრაქშენია.
- თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, N83-ში (ნაკვეთი 8/16) მდებარე 6117.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - შპს იონფაშ ჯორჯიამ 2 155 000 ლარად შეიძინა.
- თბილისში, დიდ დიღომში, III მიკრო/რაიონში, N26 კორპუსის მიმდებარედ არსებული 3179.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 (მშენებარე) შენობა-ნაგებობა - 2 005 000 ლარად გაიყიდა. მყიდველი გივი შავერდაშვილია.
- თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში მდებარე 3570.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთში შპს „გიო 2010“-მა 1 987 000 ლარი გადაიხადა.
- თბილისში, რევაზ მამისაშვილის ქუჩა N1ბ-ში მდებარე 4092.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 1 952 000 ლარად იყიდა შპს „იფქლი დიღომმა“.
- თბილისში, ევროპის ჩიხი N2-ში მდებარე 11672.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - შპს ჯი-თი გრუპმა 1 917 000 ლარად იყიდა.
- ბორჯომში, გორკის ქუჩა N2-ში არსებული 3001.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 49% წილი - 1 517 500 ლარად გაიყიდა. ინვესტორია შპს „ბანი 2007“.
- თბილისში, მარატ ნოზაძის ქუჩა N37-ში მდებარე 2545.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა - დავითი ჯიმშელაძემ 1 505 000 ლარად შეიძინა.
შეგახსენებთ, რომ პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან ერთად 2019 წლიდან ახორციელებს.