რუსეთი ევრაზიული კავშირის ქვეყნებიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე დამატებით გადასახადს აწესებს

რუსეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებიდან ავტომობილების საიმპორტო წესს ამკაცრებს. ამის შესახებ ფედერაციის მთავრობის განცხადებაში წერია, რომელიც მის ოფიციალურ Telegram-არხზე ვრცელდება.

კერძოდ, გადასახადების გაანგარიშების პროცედურაში მოხდება უპირატესობების ნიველირება მათთვის, ვისაც ქვეყანაში ევრაზიულ კავშირში განბაჟებული ავტომობილები, რუსეთთან შედარებით, დაბალი განაკვეთით შეჰყავს. შემცირებული საბაჟო ღირებულების გამო ამოუღებელი გადასახადები და მოსაკრებლები უტილიზაციის (გადამუშავების) გადასახადში იქნება გათვალისწინებული, რომელსაც ავტომობილის რუსეთში შეყვანისას ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ერთჯერადად იხდის.

მთავრობის შეფასებით, „ასეთი მიდგომა მოაწესრიგებს იმ ვითარებას, როცა ევრაზიული კავშირის ქვეყნებში განბაჟებული ავტომობილების იმპორტიორი მოქალაქეები და კომპანიები არაგონივრულ უპირატესობებს იღებენ იმ მფლობელებთან შედარებით, რომლებიც რუსეთში განბაჟებით კანონით დადგენილ გადასახადებსა და მოსაკრებლებს სრულად იხდიან.“

უტილიზაციის მოსაკრებლის გაანგარიშების კორექტულობას ფედერალური საბაჟო სამსახური გააკონტროლებს.

რაც შეეხება ევრაზიული კავშირის ქვეყნებიდან იმპორტირებულ ელექტროძრავიან ავტომობილებს, „სამთავრობო დადგენილებით ისედაც განსაზღვრულია რუსეთში მათი სავალდებულო განბაჟების პროცედურა, რაც საჭირო გადასახადებისა და მოსაკრებლების სრულად გადახდას უზრუნველყოფს.“

ახალი წესები ძალაში მიმდინარე წლის 1-ლი აპრილიდან შედის. იმ მოქალაქეებისთვის და კომპანიებისთვის, რომლებიც ევრაზიული კავშირის ქვეყნებიდან ავტომობილების იმპორტს უშუალოდ რუსეთის განბაჟების პროცედურით ეწევიან, არაფერი შეიცვლება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ